ოცამდე მანქანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან ღამით ხმოვანი სიგნალითა და საავარიო ციმციმებით ოკუპაციის დღის დადგომას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები მანქანებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშებს აფრიალებდნენ, მათ ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიას რამდენჯერმე შემოუარეს. აქციის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
კადრებში ჩანს საპატრულო პოლიციის მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებს უკან მიჰყვება, თუმცა, სამართალდამცველები აქციის მსვლელობაში არ ჩარეულან და არც ერთი მანქანა არ გაუჩერებიათ. თუმცა, მანამდე საპატრულო პოლიციამ "თავისუფლების მოედანზე" გზა გადაუკეტა კოჯრიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომლებმაც იქ აქცია "დამეხსენი ჩრდილოელო" ჩაატარეს.
როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, აქცია რიგითმა მოქალაქეებმა "ფეისბუქის" ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში დაგეგმეს და შემდეგ ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები






