ამის შესახებ ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ლადო ვარძელაშვილის დაკავება 22 თებერვალს მის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი აიარაღის გაუფრთხილებლობით გავარდნის შედეგად დევი სირაძის გარდაცვალებას უკავშირდებოდა. ლადო ვარძელაშვილს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაშეი ედებოდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა ასევე ვახტანგ ბიჭაშვილმა. რაც შეეხება ზვიად ქავთარაძეს, ის საპატიმროს სავარაუდოდ ხვალ, გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სამივე დაკავებულ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გირაოს სახით 3 ათასი ლარი შეეფარდა, იარაღის უკანონოდ გასაღება/ჩუქებაში ბრალდებულ ვახტანგ ბიჭაშვილს – 6 ათასი ლარი, ხოლო გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ქავთარაძეს – 15 ათასი ლარი.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად, ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ.
,,ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად ,,ტეტე"-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგარ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილება", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






