ჩემს ორი წლის ვაჟს შუადღის მშვიდი ძილით სძინავს. ღიმილი დასთამაშებს წმინდა ბაგეებზე. მისი დაბადება მახსენდება და ყოველი წამი დღემდე მოსვლისა. ახალი ჩაძინებულია, მაგრამ მამური მონატრებით მენატრება, როდის გაიღვიძებს და ამიხმაურებს გაჩუმებულ სახლს. წამოწოლილი ვუყურებ მეც და მომავალი წლების წარმოდგენას ვცდილობ, მის სკოლაში შესვლას, წამოზრდას, ბიჭობაში გადასვლას, დაკაცების პირველ ნიშნებს, ახალგაზრდობას, დაღვინებას, მის დაოჯახებას, მას ჩემსავით მამად ქცეულს, მის დაკაცებას და ჩემს სიბერეს, ჩემს დამშვიდობებას.
მიხარია ყოველი წამის წარმოდგენა, თავისი ფორიაქებითა და ჩემი გათენებული ღამეებით, მის გაციებაზე, მის ახალგაზრდულობით გამოწვეულ ხიფათებზე, მხოლოდ ბედნიერებას ვხედავ, თუმცა კი ხანდახან გული მიფრთხიალებს ყოველ შესაძლო დისკომფორტზე, სულიერ მღელვარებებსა თუ ფიზიკურ ტკივილებზე, მაგრამ ყველაზე დიდ შეცბუნებაშიც კი ჩემი იმედები ბედნიერია ბედნიერი ვაჟის მთელი ცხოვრების წარმოდგენაში.
მე ტიპური მამა ვარ, ჩვეულებრივი ქართველი მამა, ჩემი სისუსტეებით და ჩემი ძლიერებით, ჩემი დადებითებით და ჩემი უარყოფითებით, ჩემი გამოცდილებითა და ჩემი გამოუცდელობებით, ჩემი მახსოვრობითა და ჩემი დავიწყებით - მე ვარ ვაჟის მამა და ეს ჩემი ყველაზე ბედნიერი ჯვარია. ალბათ ნებისმიერი მამა თავს მამობის ბედნიერ სიმძიმეში გრძნობს, პასუხისმგებლობის სიმძიმეში, თუმცა ყველაზე სასურველში.
ბოლო ღამეებია, განსაკუთრებით ამეკვიატა მძიმე სიზმრები, ჩემს თვალს ერთადერთი კადრი უტრიალებს საქართველოში ერთ-ერთი მკვლელობისა... მოზარდისა, რომელიც ჩემს ცნობიერებაში სიმბოლოდ იქცა გაუმართლებელი მმართველობისა და გაუმართლებელი მკვლელობისა. ნებისმიერი მკვლელობა გაუმართლებელია და ამავე დროს ნებისმიერ მკვლელს შეიძლება დაუდგე ადვოკატად, ცნობილი ფილმისა არ იყოს, ეშმაკის ადვოკატობაც კი შეიძლება ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, თავისი სისასტიკის უნარის მიუხედავად ყველაზე ჰუმანურობაც რომ შეუძლია.
ადამიანმა ნებისმიერი შემთხვევა შეიძლება თავისებურად გაამართლო, დოსტოევსკის პერსონაჟები მახსენდებიან, როგორც მხატვრული რეალობის წარმომადგენლები, სადაც არ არსებობს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები, სადაც ყველას რაღაც თავის სიმართლე და თავის ტრაგიზმი აქვს, ადამიანის ქმედება ხომ მარტივ ქმედება არაა, თითქოს ყველას გაგება შეიძლებოდეს; ადამიანი საკუთარ თავთან ბრძოლას ყველაზე მეტად სხვასთან ქცევაში ავლენს და როგორც წესი, ადამიანის ქცევა ველია საკუთარ თავთან ბრძოლაში. დაუცველი სული მუდმივ ომშია საკუთარ თავთან... მუდმივ ტკივილში...
ჩემი ვაჟი კი დროდადრო ჩაიხითხითებს მძინარე და მისი ხმა მზის სხივია ჩემს ჩამობნელებულ ოთახში, ჩემი ფიქრი მოკლულ ახალგაზრდებს დასტრიალებს და მათ მამების სულის დატირებას. კადრები ტრიალებს, როგორ უყურებს მშობელი, თუ როგორ ესვრიან უდანაშაულო ბავშვს, თითქოს ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდეს და თავად უსასოო და უსუსური მხოლოდ მაყურებლად რჩება... უყურებს როგორ ხარჯავს ბოლო სუნთქვას საკუთარი ვაჟი, თითქოს იმ წუთში ხდებოდეს და არა გასულ წლებში, თითქოს სამზარეულოში ვაჟისთვის გამზადებულ სადილს დედა ახლა აცხელებდეს შვილის მოსვლის მომლოდინე, თავად კი საფულეში ფულს ანგარიშობდეს, მისი შვილი ხომ ახალგაზრდა ბიჭია, ვაჟია, იქნებ, სულაც ერთობა სადღაც და რაღაც უცნაური მამობრივ სიამაყეს განიცდის, ფულს უყურებს, ხვალისთვის რამდენი მისცეს ვაჟს, შვილის მომავალი ბედნიერებების წარმოდგენით თავბრუდახვეული გადადებულ ფულს კიდევ მიამატებს, ახალგაზრდაა, მეტი სჭირდებაო, ერთადერთია და ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა გაუკეთოს შვილს, თუ არა მისთვის მსახურება, მამობრივი ზრუნვა და მფარველობა...
მამის თვალში დახატულ ეპიზოდებს კი კადრში დანახული დასისხლიანებული ვაჟის ბოლო ამოსუნთქვა კვეცავს. იქნებ რას განიცდიდა ბავშვი ბოლო წამებში, იქნებ სციოდა მიწაზე დაგდებულს, ხელ-ფეხ შებორკილს გარდაცვალების მოახლოებისას... მშობლის გული, ალბათ, ფაქტზე მეტად იმის ჩაბღაუჭებას ცდილობს, რომ ოცნებაში შეციებულ შვილს რამე გადააფაროს, იქნებ სიკვდილი გაუადვილოს... წამები მიიზლაზნებიან, ხშირდება გულის ცემა და შემდეგ სულაც ყუჩდება, გაკოჭილი მიცვალებულის თავთან კი პოლიციელები ბიჭების დედის გინებით თავიანთი დანაშაულის გასამართლებელ მიზეზებზე მუშაობენ, „სამხილებს“ ქმნიან.
ბოლო წამებში, ალბათ, მამის სასოწარკვეთა მკვლელების მიმართ შინაგან თხოვნაშიც კი გადადის: „ხელები მაინც გაუხსენით ბავშვს, ან რამე გეკითხათ მომაკვდავისათვის, რომ ადამიანური ზრუნვის გამოხატვის სურათი მაინც ჩაჰყოლოდა მის ბოლო ამოსუნთვას“...
ასეთ დროს ადამიანის სხეული მხოლოდ ბუჟდება, ალბათ: ცალკე სტრესისგან, ცალკე რისხვისგან, ცალკე მოქმედების სურვილისაგან და ცალკეც უსუსურების შეგრძნებისაგან... მამის გული სხვაგვარად განიცდის, მამაკაცისთვის უსუსურობის შეგრძნება სულის ღრღნისა და აფეთქების დაუსრულებელი პროცესია...
ქართული მართლმსაჯულება, უკვე ათწლეულებია, თავის სირცხვილს მოითვლის. მართლმსაჯულება, რომლის შუა საუკუნეების კვალიფიკაცია ბევრად მაღალია, ვიდრე თანამედროვე. უკანასკნელი ათწლეულები კი განსაკუთრებული დეგრადაციის სწრაფი დინამიკის წლებია. აღარაფერს ვამბობ მეოცე საუკუნის სტალინური ეპოქისა, კომუნისტებისა, როდესაც მოაზროვნეობა დამნაშავეობად ითვლებოდა და სიკვდილით დასჯით სრულდებოდა, ახალგაზრდა იუნკრების დახოცვისა და სხვა უამრავისა, საბჭოური ოკუპაციის შემდეგ მოაზროვნეობა დღემდე დასჯადია საქართველოში სახელმწიფოსგანაც და საზოგადოებისგანაც. თანამედროვე ქართველმა სამართალმწარმოებლებმა ალბათ მრავალი დამნაშავის რეკორდი მოხსნეს საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების კუთხით.
ქართული მართლმსაჯულება კი, ბუნებრივია, თანამედროვე ქართული ხელისუფლების პროდუქტია, უცნაურად მოსულის, ხან სისხლისღვრითა და ხან ფსევდორევოლუციებით თუ რევოლუციურად ცვლილებითი არჩევნებით მოსული ხელისუფლებების. ერთ-ერთი საშიშროება მსგავსად მოსული ხელისუფლებებისა ისაა, რომ ერთ მხარეს დგება ასე ზედმეტად საკუთარ თავში დარწმუნებული ხელისუფალი, მეორე მხარეს კი მასთან ერთად აღგზნებული საზოგადოება, რომელსაც მსგავს დროს ყოველთვის ვიღაცის სისხლი სწყურია, მითუმეტეს, თუ ეს წყურვილი მოტივირებულია და მიზეზიანი. ამგვარი სიძულვილის შემკრებ-შემვსები ხდება ჩვენებური სამართალდაცვა.
უკმაყოფილო საზოგადოება (და მრავალ შემთხვევაში ლეგალურად უკმაყოფილო) საკუთარი ზიზღის რეალიზატორის ფუნქციას უქმნის ხელისუფლებას; რაკიღა ასეთ შემთხვევებში ჩვენ არაინფორმირებულები ვართ და შესაბამისად, დაუცველები მართალ-მტყუანის გამორჩევისა, ჩვენც ვდგავართ და ვითხოვთ დაისაჯოს „ყველა“...
„ყველას“ მეტაფორა ჩვენში ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ტრაგიკული ქართული 21-ე საუკუნისა; ერთ შემთხვევში ჩვენთვის „ყველა“ ხდება მისაღები და ლოგიკური იმედგაცრუების შემდგომ „ყველა“ მიუღებელი. ახლადშექმნილ-მოსული „ყველათი“ კარგად გასაღებული ხელისუფლება კი უცნაურ განცხრომაშია, რომ მისი ძალაუფლება მხარდაჭერილია „ყველათი“ და შესაბამისად, მუდმივად გასტანს. ამიტომაც, ჩვენი ხელისუფლებები „იუპიტერ(ებ)ის“ როლის მორგებას ცდილობენ, სადაც ყველა მათი ქცევა გამართლებულია: შეფასებებიც, მტრისა და მოღალატის დანაწილებული სტატუსებიც, დაპატიმრებებიც, მკვლელობებიც...
ასეთ საზოგადოებაში მომკითხავიც არავინაა, აღგზნებული საზოგადოება ქვეცნობიერ ექსტრიმს ითხოვს, რეალითი შოუებსაც, მკვლელობებსაც, მგონი დახვრეტის პირდაპირ ეთერებსაც სიამოვნებით ვუყურებდით, რომ იყოს შესაძლებელი რომელიმე მედია არხით ამის გავრცელება. მსგავსი აღგზნების შედეგია მომრავლებულ სიკვდილთა მთელი კასკადი, „დიადი მიზნებისათვის“ ჩადენილი სისასტიკეებისა და „დიადი“ მიზნების სახელით დახოცილი ახალგაზრდებისა. უკანასკნელი წლების გაუმართლებელი ომი როგორც მსხვერპლშეწირვის რიტუალი უცნაურად „იღბლიანიც“ კი აღმოჩნდა ამ ტრაგედიებში, ახალგაზრდა მსხვერპლებს სიკვდილში სახელი მაინც ხვდათ წილად... არიან ბევრად ტრაგიკულებიც, უსახელო ან კიდევ უფრო უარესი „შერცხვენილი“ სიკვდილით გარდაცვლილები, ბანდიტისა და ყაჩაღის სახელით, მრავალ შემთხვევაში უმიზეზოდ.
საზოგადოება, სადაც მკვლელობა ინტერესის საგანი უფრო ხდება, ვიდრე განცდის, თვითმკვლელი ქვეყანა ხდება. და თითქოს, მთელი მსოფლიო პირშეკრული მიგვაქანებს ჩვენ, ჩვენივე თავისა და ქვეყნის თვითმკვლელები გავხდეთ. ჩვენ კი მაინც მათ ვეხვეწებით ჩვენს გადარჩენას, საკუთარი საზოგადოების წევრებისათვის კი მხოლოდ განკითხვას ვიმეტებთ, რისი ფინალიც ბოლო წლებში ამოჟლეტილი აწმყო და მომავალია - ერის გარდაცვალებისკენ მიმავალი ტენდენცია.
. . .
ჩემი ორი წლის ვაჟს შუადღის მშვიდი ძილით სძინავს. ღიმილი დასთამაშებს წმინდა ბაგეებზე. მისი დაბადების სიხარული მახსენდება და ვბედნიერობ მისი ყოველი წამით დღემდე მოსვლისა...
თვალიდან კი ბუტას უკანასკნელი წუთების კადრებს ვერ ვიშორებ და მისი მამის გაშეშებულ მზერას, ადგილს რომ ვერ პოულობს და ვერც მთავარს ამტკიცებს, საკუთარ შვილთან შერცხვენილი, რადგან ვერც შვილის სიცოცხლის დაცვა შეძლო აღგზნებული ადამიანების ხელისუფლობისგან და ვერც მისი მკვლელების დასჯას ახერხებს, შვილის სულის, უფრო მეტად კი თავისი ატირებული სულის დასამშვიდებლად.
ქართველი შავად შემოსილი მამების დატირება ჩუმია, უკანასკნელ ათწლეულებში და უკანასკნელ წლებში მხოლოდ ამ მკვლელობებით მოსარგებლეთა ხმაურია ჩვენს საზოგადოებაში, განცდის გარეშე, როგორც პირადი მოგების მიზნით პრომოუტირებული ტოპნიუსებისა.
არჩილ გამზარდია
მასალის გამოყენების პირობები






