ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სანაპირო დაცვამ ბოლო ორი დღის განმავლობაში 5 500-ზე მეტი მიგრანტი სიკვდილს გადაარჩინა. იტალიის სანაპირო დაცვის ოფიცერის თქმით, რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან, სამაშველო ოპერაციებში დაახლოებით ათი გემი იყო ჩართული. სანაპირო დაცვამ დახმარების თხოვნის შეტყობინება სატელიტური ტელეფონებით მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები ლიბიიდან მოდიოდნენ. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული თვის განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შეგახსენებთ, ამ წელს ერთერთი ყველაზე დიდი ტრაგედია აპრილის ბოლოს დაფიქსირდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
გაერო-ს მონაცემებით, საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 2 000-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო. ევროკავშირმა ადამიანთა არალეგალურად გადაყვანის აღსაკვეთად სამხედრო საზღვაო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






