“ბარსელონამ” ისტორიაში მეხუთედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული. “ბარსა” უკვე მე-4 წუთზე დაწინაურდა, როცა ნეიმარმა დაფარული პასით მოძებნა ინიესტა, მან კი გვერდზე ივან რაკიტიჩს დაუგორა და ხორვატმაც ახლოდან აუღელვებლად გაიტანა – 1:0. კატალონიელებს პირველ ტაიმში საკმაო უპირატესობა ჰქონდათ და ბუფონსაც საქმე არ ელეოდა,
მეორე ტაიმიც “ბარსას” შეტევებით დაიწყო, თუმცა "იუვენტუსმა" შესძლო და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მარკიზიომ ორიგინალურად, ქუსლით გააყოლა ბურთი ლიხშტაინერს, რომელმაც ტევესი მოძებნა, არგენტინელის დარტყმას ტერ შტეგენის კარგი რეაქცია კი მოჰყვა, მაგრამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და იქვე მყოფმა ალვარო მორატამ გოლი გაიტანა.
13 წუთის შემდეგ, ბარსამ შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელა - მესიმ ბარძალი მოატყუა და ძლიერად დაარტყა, ბუფონს ხელიდან გაუვარდა ბურთი, ხოლო ურუგვაელმა ლუის სუარესმა დაამატა და ბარსა წინ გავიდა 2:1.
დარჩენილ დროში “იუვენტუსი” ბოლომდე იბრძოდა, ორ-სამჯერ სახიფათო შეტევაც განახორციელეს, მაგრამ ნეიმარმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მათ იმედებს საბოლოო წერტილი დაუსვა -კონტრშეტევისას მინდორზე იმწუთას შესულ პედროს გადააწოდა ბურთი, შემდეგ პედრომ ისევ ნეიმარს დაუბრუნა და ბრაზილიელმაც ცაციით შორეულ კუთხეში გაუტანა ბუფონს – 3:1 და თასი “ბარსელონამ” ჩაიხუტა. ნეიმარი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალშიც, ხუთივე მატჩში გაუტანია გოლი.
აღსანიშნავია, რომ “ბარსა” პირველი ევროპული კლუბია, რომელსაც ორჯერ აქვს შესრულებული “ტრიპლეტი” (ქვეყნის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა); ჩავიმ, მესიმ, ანდრეს ინიესტამ მეოთხედ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ინიესტა დასახელდა.
ამაო გამოდგა პირლოს სურვილი, რომელმაც "მილანის" შემადგენლობაში ორჯერ აიღო თასი და სურდა მეორე გუნდის - "იუვენტუსის" შემადგენლობაშიც გამხდარიყო გამარჯვებული. ასევე, არ გაუმართლა ბუფონსაც, რომელსაც კარიერაში ყველა ტიტული აქვს, გარდა ჩემპიონთა ლიგის თასისა.
მასალის გამოყენების პირობები






