იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგეგმება შიდა ტური იუსტიციის სახლის მომსახურებების უკეთ გასაცნობად, რათა კენიელ სტუმრებს საშუალება მიეცეთ თავად დააკვირდნენ რა ოპერაციები სრულდება თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში. ასევე, როგორ ხდება ლოდინის დროისა და მომსახურების პერიოდის მინიმალურ დროში მოქცევა და განაწილება.
"იუსტიციის სახლი ქართული ბრენდია და იგი თავისი კონცეფციითა და სერვისებით უნიკალურია. სწორედ ამიტომ იწვევს იგი ინტერესს ყველა ქვეყნის წარმომადგენლებში. კენიის საინვესტიციო სააგენტოს თანამშრომლების ვიზიტიც სწორედ გამოცდილების გაზიარებას ემსახურება და ჩვენ მუდამ მზად ვართ დავეხმაროთ პარტნიორ ქვეყნებსა თუ ორგანიზაციებს ჩვენი მიღწევების გაცნობასა და დანერგვაში. სხვადასხვა ნოვაციებთან ერთად, სტუმრებს სრულიად ახალ სერვისზეცმივაწვდით ინფორმაციას, რომელიც იუსტიციის სახლის სერვისებს სულ მალე დაემატება. ამ სერვისის საშუალებით მომხმარებელს სასურველი დოკუმენტის მიღება მანქანიდან გადმოუსვლელად შეეძლება. ჩვენი მიზანი მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა.," - აცხადებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ჩიჩუა.
დელეგაციის წევრები ტურის ფარგლებში გაეცნობიან იმას, თუ როგორ შეეძლება მომხმარებელს ფინჯან ყავასთან და სასურველ კერძთან ერთად, მისთვის საჭირო დოკუმენტის შეკვეთა რამდენიმე წუთში."იუსტიციის სახლი" სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს 300-ზე მეტი სახის მომსახურება. მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის ლოდინის საშუალო დრო ორმოცდახუთი წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს. ამჟამად იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. ყოველდღიურად თბილისის, გორის, ოზურგეთის, გურჯაანის, თელავის, ქუთაისის რუსთავის, ბათუმის, ყვარლის, მარნეულის, ახალციხისა და მესტიის იუსტიციის სახლებში მომსახურებას 20 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებს. 2012 წელს, იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებული გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






