ახალი ინიციატივა გულისხმობს მოსამართლეთა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას. იუსიტიციის სამინისტრომ და უზენაესმა სასამართლომ გააჟღერა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აწი სასამართლოს თავმჯდომარეები არჩეულ უნდა იქნენ შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეების მიერ. გარდა ამისა, საუაბრია ინსპექტორის ინსტიტუტის შემღებაზე, რასაც მოსამართლეებთან ერთად ეჭვისთვალით უყურებენ ექსპერტებიც. ჩნდება კითხვები - რამდენად იქნება დაცული მოსამართლის უმთავრესი უფლება, რაც მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გულისხმობს. ხომ არ შეიქმნება რისკი მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშრებით და რამდენად შეიძლება გაქრეს მოსამართლის ყველაზე დიდი თვისება - გამბედაობა. რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს ვენეციის კომისიას, რომლის დასკვნაც მოსამართლეების გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით მთლად მხარდამჭერი არ იყო.
„ეს უკავშირდება უფრო მეტი დამოუკიდებლობის და ინიციატივების მინიჭებას იმ სასამართლოების მოსამართლეებისათვის, სადაც უნდა მოხდეს მოსამართლის არჩევა. ვიწყებთ დემოკრატიული პრინციპების გატარებას ქვემოდან, ანუ იმ კორპუსის მიერ, რომელმაც უნდა იმუშაოს იმ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ქვეშ გარკვეული წლების განმავლობაში,“ - განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას, თავის არგუმენტები აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. „სადისციპლინო კოლეგია, რომელიც არსებობს, არის ფუნქციის გარეშე. გეთანხმებით, გარეშე პირია, რომელიც ასევე შესაძლოა იყოს ყოფილი მოსამართლეც, გარეშე პირია მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტით,“ - განმარტა ნინო გვენეტაძემ.
,,ნიუპოსტი“ იუსიტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს საკანონმდებლო ინიციატივაზე სამართლის ექსპერტებს ლევან ალაფიშვილს და ირაკლი კობირძეს ესაუბრა:
ლევან ალაფიშვილი:
_ინიციატივა, რომელსაც არ აქვს საკმარისი დასაბუთება ან აკლია არგუმენტაცია, მითუმეტეს ისეთ სფეროებში, რომელიც მართლმსაჯულებას შეეხება, შესაბამისაც საჭიროებს მეტ სიფრთხილეს და ლეგიტიმურია ყველა კითხვა და მკაცრი შეფასება, რომელიც მას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის შიგნით და გარეთ. ხელისუფლების გონიერებაც სწორედ იმაშია, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც რაღაც არსებულს ცვლის დაასაბუთოს და ეს ყველაფერი კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში წარმართოს. ამ ნაწილში, სადაც თავმჯდომარეების ვადაზე ადრე გათავისუფლებაზეა საუბარი, საჯაროდ რაც არის ცნობილი, როგორც ჩანს, არგუმენტაცია ნაკლებია და კომუნიკაციაც იმ სუბიექტებთან, ვისაც ეს ყველაფერი შეეხება - ან არ იყო, ან იყო ნაკლები. ამან უკურეაქცია გამოიწვია. პროცესი თავიდანვე რომ სამუშაო რეჟიმში წარმართულიყო, შეიძლება ესეთი შედეგი არ ყოფილიყო. ეხლა არის სიტუაცია, როდესაც ინიციატივა გაჟღერებულია და მერე ეკითხები შენ რას ფიქრობო. მე შინაარსობრივად ინიციატივას ვერ შევაფასებ, მაგრამ პროცესი დამაფიქრებელია.
_რამდენად შესაძლებელია, რომ აქ პოლიტიკური ინტერესები იყოს?
_მინდა იმედი დავიტოვო, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკა არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ინსტიტუტში იუსტიციის სამინისტროში შემუშავდა, ეს თავითავად ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილია პოლიტიკური ინტერესები. მე ნეგატიური გაგებით არ ვამბობ მხოლოდ. თუმცა ეს არის ის საკითხი, სადაც პოლიტიკური ინტერესებით არ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები.
-რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას?
_რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტს, ის წუხილი რაც მოსამართლეებს აქვთ, ალბათ გარკვეულწილად გამოწვეული იმ მავნე პრაქტიკით, რაც არსებობს. შესაბამისად ეს წუხილი კანონმდებლობაში მკაფიო ჩანაწერით უნდა აღმოიფხვრას. ის, რაც საჯაროდ არის გაჟღერებული ამ წუხილს საფუძვლიანს ხდის. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ვინ არის. კანონში რა წერია არ ვიცი, მაგრამ როგორც გავიგე ინსპექტორს პროცედურული საკითხების კოორდინაცია დაევალება, რომელსაც დღეს იუსტიციის საბჭოს აპარატი აკეთებს. თუ ეს ესეა, ამ შემთხვევაში წუხილი გადაჭარბებული იქნება. თუ ინიციატორები წავლენ იმ პოზიციის ცვლილებაზე, რომ ინსპექტორის კომპეტენცია იყოს მითითებული, წუხილის საფუძველი არ იქნება. თუ ინიციატორი იტყვის, რომ ამას არ ჩავასწორებ, ეს უკვე იძლევა შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ აქ კონტროლის მოპოვების მცდელობა იყოს.
_როგორი შეიძლება იყოს ვენეციის კომისიის შეფასება?
_პოზიცია იქნება სავარაუდოდ უარყოფითი, რადგან ყველა რეკომენდაციაში, რაც სასამართლო სისტემის რეფორმაზე გაუცია ვენეციის კომისიას, ყველაში ხაზგასმით ციტირებულია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არის პირველ რიგში კანონით გათვალისწინებლი სტაბილურობა თანამდებობაზე განწესებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობისა. შეგახსენებთ, მოსამართლეების გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მთლად მხარდამჭერი არ იყო.
ირაკლი კობიძე
_რა წინააღმდეგობებ შეიძლება შეიცავდეს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა?
_სანამ ჩვენ ამ ინიციატივის რეგრესულობაზე საუბარს დავიწყებთ, ჩვენ უნდა განვიხილოთ თუ რა ფუნქციების მატარებელია თითოეული სასამართლოს თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოსამართლე ახორციელებს სამოსამართლეო საქმიანობას, ჩვეულებრივად მონაწილეობს საქმეთა კოლეგიურ განხილვაში და აუცილებელია, რომ ის აღჭურვილი იყოს იმავე დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებით, როგორც სხვა მოსამართლე.
გარდა ამისა, ნებისმიერი რაიონული თუ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ახორციელებს ასევე ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს იმავე სასამართლოში, რომლის თავმჯდომარეც არის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სასამართლოს თავმჯდომარის გახლავთ მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ცალკე არეგულირებს კანონი და ამ კანონის მიზანია, რომ საქმეთა განხილვის დროს მაქსიმალურად იქნეს დაცული თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა იმ პროცედურის დროს, რასაც ჰქვია საქმეთა განაწილება. არსებობს რისკი იმისა, რომ მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარემ გამოიყენოს პირადი დამოკიდებულება და იმ მოსამართლეს დააწეროს საქმე განსახილველად, რომლისგანაც მოსალოდნელია კანონდარღვევით და მიკერძოებულობით არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეების დაკომპლექტების უფლება გააჩნია კოლეგიალურ ორგანოებს, სადაც პარიტეტულ საწყისებზე შეყვანილი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რა თქმა უნდა მოსამართლეთა უმრავლესობით, ამ შემთხვევაში თუკი ჩვენ თუნდაც პატარა სასამართლოს მივცემთ იმის უფლებამოსილებას, რომ თვითონვე აირჩიონ თავჯდომარე და მან უნდა იმოქმედოს ამომრჩეველთა მანდატის შესაბამისად, შესაძლებელი არის გარკვეული ინტერესჯგუფების მძევალი გახდეს. ამგვარი ტიპის უფლებამოსილებით სასამართლოების აღჭურვა თავჯდომარესთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ გამოიწვევს ცალკეული სასამართლოების საქმიანობის დეზორგანიზაციას, რაც ნეგატიურად აისახება იმ სტანდარტებზე, რაც დაკავშირებულია თითოეული მოსამართლის და მთლიანად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ამდენად, ის მოდელი რომლის თანახმადაც სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ არის ყველაზე პროგრესული და მისი იმგვარად გადატანა, რომ არჩევა მივანდოთ სასამართლოს მოსამართლეებს ან თუნდაც სხვა თანამშრომლებს, იქნება ნებისმიერ შემთხვავში რეგრესული.
_რაც შეეხება ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას?
_ამ ინიციატივასთან დაკავშირებული უთანხმოების მიზეზი გახლავთ ის, რაც მე პირადად, რამდენიმე ხნის წინ წარმოვადგინე, იგივე მოტივაცია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით და მათი საქმიანობის დაქვემდებარებაზე ე.წ. მონიტორინგის მიმართ. მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია გარკვეული ტიპის ცვლილებები განხორციელდეს სასამართლოებში, რომელიც გულისხმობს, მაგალიად, არამოსამართლე თანამდებობის პირების სადისციპლინო ნორმას და საქმიანობის ზედამხედველობას, მაგრამ თუკი აღნიშნული თანამდებობის პირების მოვალეობები გაითვალისწინებს მოსამართლეების ზედამხედველობას, აქ ჩვენ დაგვერღვევა ევროპული კანონმდებლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის თანახმადაც მოსამართლის გადაწყვეტილების რევიზიის უფლება, თუკი მკვეთრად გამოხატულ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ აქვს ადგილი, აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლის სტატუსის მქონე ზემდგომ სასამართლოებს. ამდენად, რაიმე ტიპის ზედამხედველობის ინსპექტორის შემოღება, ჩემის აზრით, არის სასამართლოს დამოუკიდებლობისა დარღვევა, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს შეიძლება მიზნად ისახავდეს გარკევული ტიპის კანონზე ზემოქმედების ახალი მექანიზმის შემოღებას სასამართლოს საქმიანობაში.
_როგორ ფიქრობთ, რა გამოხმაურება შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის მხრიდან?
_ვფიქრობ, ვენეციის კომიცია, როგორც ევრპული ორგანიზაცია, ამ კანონპროექტის შეფასების დროს მხედველობაში უპირველესად მიიღებს იმ სტანდარტებს, რომელსაც ადგენს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და შესაბამის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებები არაერთ საქმეზე. განმარტებები, რომელიც მოცემულია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში, ასევე ამის შესაბამისად, ევროპის საბჭოს კომიტეტების ინსტუქციები და რეზოლუციები, როგორც წესი ხელშმეშლელ მხარე სახელმწიფოებს ანიჭებენ დისკრეციულ უფლებამისლებას, რომ მათ თვითონ დანერგონ და გადაწყვიტონ როგორი ტიპის სასამართლო ორგანიზაციულ მოდელს აირჩევენ, მაგრამ აქვე გვაფრთხილებენ ძალიან ხშირად სხვადასხვა გადაწყვეტილებების მეშვეობით, რომ კონკრეტულ შემთხვევბში, მაგალითად არის ასეთი საქმე ვოლკოვი უკრიანის წინააღმდეგ და ა.შ. სადაც საუბარია მოსამართლის სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლებაზე იმ თვალსაზრისით, რომ მიუხედავად მოსამართლის კეთილსინდისიერებისა, არსებობს ვარაუდი რომ სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, ვინაიდან მისი დანიშვნის პროცედურები, შემოღებული საზედამხედველო და ზედმეტი სარევიზიო სისტემები ამ დამოუკიდელობას ვერ უზრუნველყოფდა. გამომდინარე აქედან, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი კატეგორიის საქმეები, სადაც მოსამართლეს ფსიქოლოგიურად შეიძლება მოუწიოს მსგავსი ტიპის ინსპექტორზე მორგება თავისი საქმიანობისას და თავისი გადაწყვეტილებების ასე გამოტანა, ვიდრე აბსოლუტური დამოუკიდებლობის პირობებში. გამოდმინარე აქედან, თუ მსგავსი კანონპროექტი ამოქმედდება, მე არ გამოვრიცხავ, რომ არცთუ ისე ცოტა საჩივარი ვიხილოთ ევროპის სასამართლოში სამართლიანობის დარღვევის გამო. ეს კი დაკავშირებულია სწორედაც მსგავსი ტიპის საზედამხედველო ინსპექტორების შემოღებასთან იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






