ე.წ "თამარიონის" საქმის განხილვა 10 ივნისისათვის გადაიდო. ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელთა მტკიცებით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნურ ქმედებას, რაც გამოიხატებოდა უმისამართოდ ლანძღვა გინებაში.
"ჩვენი გამოძახებისა და ადგილზე მისვლისას ეს ჯგუფი უფრო აგრესიული გახდა, რის გამოც დავაკავეთ ორი ადამიანი"-აცხადებენ პოლიციელები.
თვითმხილველთა და დაკავებულთა განმარტებით, პოლიცია არავის არ გამოუძახებია, რამდენიმე პოლიციელი მათ შორიახლოს, მანქანაში ისხდნენ. ერთერთმა პოლიციელმა მოაკითხა დედამისს, რომელიც სარიტუალო სახლ "თამარიონში" მუშაობს. მოულოდნელად პოლიციელებმა დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოქალაქეების მისამართით, შემდეგ კი დაიწყეს მათი ფიზიკური შეურაცხყოფა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც.
ინცინდენტი მიმდინარე წლის 24 მაისს მოხდა, როცა "თამარიონში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გასული წლის ადგილობრივ არჩევნებში, ოზურგეთის გამგებლობის კანდიდატის, შალვა თავდიშვილის ოჯახის წევრის ქორწილი იყო.
სწორედ ამას უკავშირებენ თვითმხილველები პოლიციელთა მხრიდან ამგვარ ქმედებას.
თავდიშვილის საახლობლო ირწმუნება, რომ პოლიციელებმა მინიმუმ 6 ადამიანი უმიზეზოდ სცემეს, ზოგს ახრჩობდნენ კიდეც.
ცემის მიზეზი კი, მათი აზრით, ის არის, რომ პოლიციელებს ქორწილში მყოფი ხალხი "ნაციონალები" ეგონათ.
თავდიშვილის უფლებების დამცველმა კახა ჩავლეშვილმა მოსამართლე მარინა კიკნაძეს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, 24 მაისს რესტორან "თამარიონში" და შსს ოზურგეთის სამმართველოს შენობაში, პოლიციასა და მისი უფლებადამცველს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების სასამართლო პროცესზე წარმოდგენა; ასევე, პოლიციის მიერ თავდიშვილის დაკავების დროს გადაღებული ვიდეოფირის წარმოდგენა.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ პოლიციელებმა მათი ცემა პოლიციის შენობაში მიყვანისთანავე განაგრძეს.
კახა ჩავლეშვილი: "ჩვენი ყველა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია, რომელიც შეეხებოდა საქმეზე მტკიცებულებების მოგროვებას, ერთი რამ, ამ ეტაპზე რაც შემიძლია განვაცხადო არის ის, რომ პოლიციელების მიერ შედგენილი ოქმები და პატაკები სრულ წინააღმდეგობაში მოდიან მოწმეების ჩვენებებსა და საქმეში არსებულ ვიდეომასალებთან. მიმაჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ბექა თავდიშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან არაჯეროვან მოპყრობას მოქალაქეებისა და დაკავებული პირების მიმართ, ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს და სასამართლოს მხრიდან ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას"
სასამართლო პროცესი 10 ივნისისთვის გადაიდო.
წყარო: გურიის მოამბე
მასალის გამოყენების პირობები






