ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, დანამატების გაცემა შეუჩერდათ პედაგოგებს, მაგრამ მას ისევ ღებულობენ კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები. მასწავლებლებსა და დირექტორებს ძველი ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოეწურათ, ახალი ხელშეკრულება კი იანვრიდან "ქართუმ" აღარ გააფორმა.
"იანვრიდან არც ერთი პედაგოგი და სკოლის დირექტორი "ქართუდან" ხელფასს აღარ იღებს. ამდენი ხნის განმავლობაში ეს ადამიანი გვეხმარებოდა. როდესაც პედაგოგებს უჭირდა, გვერდში დაგვიდგა არა მხოლოდ ხელფასებით, სკოლების მატერიალური და ტექნიკური ბაზების განვითარების კუთხითაც," - ამბობს "ნეტგაზეთთან" საუბარში საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გივი გაგნიძე.
ხელფასების შეჩერების მიზეზი არ აინტერესებს საჩხერის სოფელ ჯალაურთას საჯარო სკოლის დირექტორს იური ცარციძეს:
"კაცი 6-7 წელია ქველმოქმედებას ეწეოდა, მადლობის მეტი რა გვეთქმის?! ახლა შეწყდა, მაგრამ არ დავინტერესებულვარ მიზეზით, აბსურდია, მიზეზები არკვიო, როდესაც ქველმოქმედებას გიჩერებენ. მისი გადასაწყვეტი იყო: უნდა მოგვცემს, უნდა არ მოგვცემს,"- ამბობს სკოლის დირექტორი.
რამდენიმე წლის მანძილზე საქველმოქმედო ფონდ "ქართუდან" საჩხერის სკოლის საჯარო დირექტორებს ყოველთვიურად 500- ლარიანი სახელფასო დანამატი ერიცხებოდათ, პედაგოგებს კი, 100-300 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები






