სკანდინავიური დიზაინი მინიმალიზმიდან მომდინარეობს: მისი მთავარი პრინციპებია სიმარტივე და ნათელი ფერები, ორგანულ მასალებზე ფოკუსირება და ფუნქციური დატვირთვა. შედეგად ვიღებთ ღია, თანამედროვე სივრცეს. თუ მკვეთრი აქცენტები, გეომეტრიული ფორმები და სიმსუბუქე გიზიდავთ, სკანდინავიური დიზაინი თქვენთვისაა!
პრაქტიკული რჩევები:
1) ფერები – გამოიყენეთ თეთრი ფერი ჭერიდან იატაკამდე (ან სხვა ნეიტრალური ფერი), იატაკისთვის კი მიმართეთ ხის მასალას ან ხის ფერ მოპირკეთებას. ნათელი ფერები ოთახს ვიზუალურ სიმსუბუქეს ანიჭებს და ქმნის ღია სივრცის შეგრძნებას. რაც შეეხება ავეჯს, გამოიყენეთ შედარებით მუქი, ნეიტრალური ფერები, მაგალითად ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი ან კრემისფერი. ტექსტილი კი გარემოსთან კონტრასტულ ფერებში გადაწყვიტეთ.
2) ბუნებრივი მასალა – ყველა გამოყენებული მასალა სასურველია იყოს ორგანული – ნატურალური ხე – იქნება ეს იატაკი, კედლები თუ აქსესუარები. მრავალფეროვნებისთვის გამოიყენეთ ტყავი, მეტალი, ბუნებრივი ქსოვილები (ტილო და კოტონი). სკანდინავიურ დიზაინში შპალერს არ მიმართავენ, ამიტომ შეღებეთ კედლები ნეიტრალურ ფერებში!
3) დეკორი – სკანდინავიური ინტერიერი, ერთი შეხედვით მოსაწყენი რომ არ იყოს, დიზაინერები რეკომენდაციას უწევენ ნათელი ფერის დეკორატიულ ნივთებს, ჭურჭელს, ფერად ბალიშებს, ხალიჩებს და კედლის დეკორაციებს. შეგიძლიათ კედლები გააფორმოთ შავ–თეთრი ფოტოებით ან თანამედროვე ნახატებით/პოსტერებით მინიმალისტურ სტილში. გამოიყენეთ ხის ფიგურები და მეტალის დეკორატიული ნივთები, რაც სკანდინავიურ ინტერიერს მეტ ხიბლს მატებს!
4) განათება – უპირველეს ყოვლისა, ნუ გადატვირთავთ ფანჯრებს ფარდებით და ეცადეთ, ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე აღწევდეს. სარკეები ოთახში – განსაკუთრებით ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს კედელზე – აირეკლავს დღის შუქს და მეტ სინათლეს შემატებს ოთახს.
თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყობს სკანდინავიურ დიზაინში გამოყენებული სანათი საშუალებები, რომლებიც სასურველია იყოს ინდუსტრიული სტილის - მეტალის დეტალებით, ფოლადის აქცენტებით, მარტივი ნათურებით გაწყობილი.
წყარო: http://www.luxhome.ge/
შემოგვიერთდით ფეისბუქზე https://www.facebook.com/pages/Lux-Home/773208879436056











მასალის გამოყენების პირობები






