საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში „ბიბისითან“ ინტერვიუში მომავალ გეგმებზე, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზებსა და ოდესის სტრატეგიულ მნიშნელობაზე ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი კორუფციის აღმოფხვრა და კრიმინალურ დაჯგუფებეთან ბრძოლა იქნება.
მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქედ დარჩენის შემთხვევაში, მას დაპატიმრება იმ ბრალდებების გამო ელოდა, რომელიც მთელს მსოფლიოს სასაცილოდ ეჩვენება. შესაბამისად, დროებით, მაგრამ იძულებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ იცხოვროს.
ოდესის გუბერნატორის თქმით, ოდესა მკაფიოდ არის დაკავშირებული საქართველოსთან.
„თუკი ოდესმე ოდესა დაეცემა - ღმერთმა ნუ ქნას! - შესაძლოა მსოფლიო რუკიდან საქართველოც წაიშალოს - ეს არის ის, რაც მათ აერთიანებს. რეგიონის გეოპოლიტიკას თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ამას ძალიან ცხადად დავინახავთ. ამიტომ, რა თქმა უნდა ქართული ინტერესებიც მქონდა, როდესაც ამ წინადადებას(გუბერნატორობას) დავთანხმდი. ეს არის ნამდვილი ფრონტის ხაზი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლასა და ძველსა და ახალ უკრაინას შორის“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ოდესის განვითარება და წინსვლა, რუსეთისთვის დიდი დარტყმა და გავლენა იქნება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რადგან ოდესა მათი მენტალიტეტის ნაწილია და სწორედ ამიტომ ჰქონდათ „ისტერიული“ რეაქცია მედვედევსა და ლავროვს მის გუბერნატორად დანიშვნაზე.
„ვფიქრობ, მათ ესმით, რა დევს სასწორზე. აქ მთავარი ჩემი პიროვნება არ არის. ეს არის ახალი შანსი, რეგიონის განვითარების ახალი საწყისი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ან ექსპანსიონისტურ ინტერესებზე, არამედ მათ საკუთარ შიდა აზროვნებაზე“ - დასძინა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






