დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, FIFA-ს მოქმედი პრეზიდენტი და ორგანიზაციისა საპრეზიდენტო არჩევნების ერთერთი კანდიდატი ზეპ ბლატერი უნდა წავიდეს.
"არ შეიძლება ორგანიზაციის მიმართ არსებობდეს ამ დონის ბრალდებები კორუფციაში და პრეტენზია გქონდეს, რომ ადამიანი, რომელიც მართავს ორგანიზაციას, არის შესაფერისი. ცხადია, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ლამაზი თამაშის საშინელი მხარე, ამიტომაც ის უნდა წავიდეს და ეს რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უკეთესი" - განაცხადა კემერონმა.
„ფიფას“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ბლატერის წინააღმდეგ „უეფაც“ გამოდის. მიშელ პატინმა მას პოსტის დატოვება ურჩია.
შვეიცარიაში, „ფიფას“ საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ტარდება. არჩევნებში მონაწილეობას სულ ორი კანდიდატი იღებს. ერთი, მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერია, რომელიც ფიფას 17 წელია მართავს. მისი ერთადერთი კონკურენტი კი იორდანიის პრინცი, ალი ბინ ჰუსეინია.
საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო სკანდალი უძღოდა წინ. 27 მაისს ფიფას ოფიციალური პირები შვეიცარიის პოლიციამ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგრედო. ასევე კოსტა რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოსე მარია მარინი.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 1990-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება 2018-2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილების არჩევის საკითხითაც დაინტერესდა. შეგახსენებთ, ჩემპიონატების ჩატარების ადგილად რუსეთი და ყატარი შეირჩა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაკავებულების ექსტრადირება აშშ-ში მოხდება.
აღნიშნულ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-ს ზეპ ბლატერის ფიფა-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა არ სურს და ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებია ჩაშლას ცდილობს. მისივე თქმით, ფიფა-ს ხელმძღვანელი პირების დაკავება ამერიკული მხარის მოთხოვნით განხორციელდა
მასალის გამოყენების პირობები






