საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ნაფიცმსაჯულებმა დაკითხეს.
ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ დაკითხვის შემდეგ „ოქრიკას“ ჩვენების დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოქროპირიძის ჩვენების მიხედვით, ის 2014 წლის 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე არ იმყოფებოდა და ლაშა მახარაძის მკვლელობის შესახებ ვლადიმერ ბერძენიშვილისგან შეიტყო.
„შემთხვევის დროს გიორგი ოქროპირიძე სხვა ადგილას იმყოფებოდა. მასთან ვლადიმერ ბერძენიშვილი მივიდა, გვერდზე გაიყვანა და უთხრა, რომ იარაღი შემინახეო. ასევე სთხოვა მანქანაზე რუსული ნომრები შემაცვლევინეო. ოქროპირიძემ უარი უთხრა. ბერძენიშვილთან ერთად კიდევ ერთი პირი იყო. მათ ესროლეს მახარაძეს. ოქროპირიძე არაფერ შუაშია“, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, ვაკეში მკვლელობა გასულ წელს, აბაშიძის ქუჩაზე, 2 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ოქროპირიძე რამდენიმე დღეში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






