ომბუდსმენის ინიციატივას - სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების გაუქმებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროში ეხმაურებიან.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში მინისტრის მოადგილემ, კახი კახიშვილმა განაცხადა, სამინისტროს დიდი სურვილი აქვს აღნიშნული საპატიმრო დატოვოს, თუმცა ამას გარკვეული მიზეზების გამო ვერ აკეთებს.
მისი განმარტებით, აუცილებელია ახალი საპატიმროს აშენება, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს და როგორც კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება მე-7 დაწესებულების პრობლემა აღარ იარსებებს.
„მეშვიდე დაწესებულება პრობლემა დღეს არ გამხდარა. რაც ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა აშენდა, მას შემდეგ ამ დაწესებულებასთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს საუბრები. ჩვენი სამინისტრო მეშვიდე დაწესებულებას იყენებს საპყრობილედ განსაკუთრებული რისკის მატარებელი პატიმრებებისთვის. მართალია ის გარემონტდა, მაგრამ ნამდვილად არ შეესაბამება ეს შენობა ევროსტანდარტებს. ამავდროულად ვდგავართ ერთი პრობლემის წინაშე, სანამ არ განხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები, მეშვიდე საპრყრობილის დახურვა და ამ პატიმრების სხვადასხვა დაწესებულებებში გადაყვანა წარომადგენს სერიოზულ პრობლემას უსაფრთხოების კუთხით“, - აცხადებს კახიშვილი.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ საკითხზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„თქვენ იცით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ თვეში ვერ განხორციელდება, იგეგმება რამოდენიმე მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობა და როგორც კი მშენებლობა დასრულდება მეშვიდე დაწესებულების პრობლემა აღარ იარსებებს. სამინისტროს დიდი სურვილი აქვს, რომ ეს საპყრობილე დაიხუროს, მაგრამ სანამ ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდება, იძულებული ვართ ეს ვამუშაოთ. მინდა გითხრათ, რომ წელსაც დაგეგმილია ყველა სასჯელაღსულების დაწესებულების ინფრასტრუქტურის ევროსტანდარტებამდე მიყვანა. მალე გაიხსნება მე-16 და მე-6 დაწესებულება, რომელსაც ახლად გარემონტებული შენობა ექნება. მესმის სახალხო დამცველის, რომელიც ცდილობს მოკლე დროში მოაგვაროს ეს პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა კახიშვილმა.
ომბუდსმენი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების გაუქმების ინიციატივით გამოდის.
„რაც შეეხება დაწესებულებებში არსებულ პირობებს, ის ზოგადად გაუმჯობესებულია, თუმცა გამონაკლისია მე-7 დაწესებულება, სადაც გაუსაძლისი პირობებია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაწესებულება უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






