შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში დღეს FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას სულ ორი კანდიდატი იღებს. ერთი, მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერია, რომელიც ფიფას 17 წელია მართავს. მისი ერთადერთი კონკურენტი კი იორდანიის პრინცი, ალი ბინ ჰუსეინია.
პრეზიდენტი ორგანიზაციის 209 დელეგატმა უნდა გამოავლინოს.
საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო სკანდალი უძღოდა წინ. 27 მაისს ფიფას ოფიციალური პირები შვეიცარიის პოლიციამ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგრედო. ასევე კოსტა რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოსე მარია მარინი.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 1990-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება 2018-2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილების არჩევის საკითხითაც დაინტერესდა. შეგახსენებთ, ჩემპიონატების ჩატარების ადგილად რუსეთი და ყატარი შეირჩა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაკავებულების ექსტრადირება აშშ-ში მოხდება.
აღნიშნულ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-ს ზეპ ბლატერის ფიფა-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა არ სურს და ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებია ჩაშლას ცდილობს. მისივე თქმით, ფიფა-ს ხელმძღვანელი პირების დაკავება ამერიკული მხარის მოთხოვნით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






