რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, ვლადიმირ კულიშოვის განცხადებით, რუსმა მესაზაღვრეებმა უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისა და უკრანული ძალების მოქმედებების გამო, რუსეთ-უკრაინის საზღვრის დასაცავად დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო“ - განაცხადა კულიშოვმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როსტოვის რეგიონში ასი კილომეტრის სიგრძის თხრილი გააკეთეს და 40 კილომეტრის სიგრძის ბარიერი ააგეს. სასაზღვრო დაცვის განცხადებით, მსგავსი ზომები დონის რეგიონში სტაბილურობისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის აღმოსაფხვრელად არის საჭირო.
კულიშოვის თქმით, სასაზღვრო დაცვის გაძლიერება რუსეთის ტერიტორიასთან ნატო-ს გააქტიურებამაც გამოიწვია.
შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ „როიტერის“ ჟურნალისტმა უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო მანქანებისა და ტანკების კოლონა დააფიქსირა.
ატლანტიკური საბჭოს ვაშინგტონის ანალიტიკურმა ცენტრმა კი ანგარიში გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსული არმია მონაწილეობს.
რუსული მხარე აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობასა და იქ რუსი ჯარისკაცების ყოფნას კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






