სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონის სოფელ მლაშესა და ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული, წიწვოვანი ჯიშის, 21 ცალი, 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს. ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში - თეიმურაზ დ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან ამოღებულია უკანონოდ მოჭრილი, წიფლის ჯიშის 5 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი. სამართალდამცველებმა ბორჯომის რაიონის სოფელ პატარა მიტარბში უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი ჯიშის, 4 მეტრი სიგრძის 8 მორი, ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში - ასევე უკანონოდ მოპოვებული, ნაძვის და ფიჭვის, 5 მეტრი სიგრძის 145 ცალი დახერხილი ფიცარი და დასახერხად გამზადებული 5 მეტრის სიგრძის 10 მორი, ხოლო ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისის მიმდებარე ტერიტორიიდან - უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული, 35 ცალი ნაძვის და ფიჭვის ჯიშის სამასალე მერქანი ამოიღეს და უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.
გამოძიება სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენების, ხე-ტყის ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევის და ნორმატიული აქტით დადგენილი, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე პრიმა, 128-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის, 128-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები






