ევროკომისიამ ევროპაში შემოსული ათასობით მიგრანტის ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში განაწილების გეგმა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 40 ათასი ადამიანი კვოტების სისტემის მიხედვით განაწილდება. პროექტში მონაწილეობაზე უარი დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა.
ბრიუსელმა 20 ათასი მიგრანტისთვის თავშესაფრის მიცემაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული თვის განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, ამ წელს ერთერთი ყველაზე დიდი ტრაგედია აპრილის ბოლოს დაფიქსირდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
გაერო-ს მონაცემებით, საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 1.800-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო. ევროკავშირმა ადამიანთა არალეგალურად გადაყვანის აღსაკვეთად სამხედრო საზღვაო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ოპერაცის განსახორციელებლად გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი დასჭირდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






