"დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი აღარ აშენდება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურები და უცხოელი კონსულტანტები. ფონდის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, რომ ხიდის აშენებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს არსებული მდგომარეობით, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან მუდმივად არსებობს საცობები. ხიდის აშენების შემდეგ, კი მოძრაობა ორ დონეზე შუქნიშნის გარეშე განხორციელდებოდა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყვეტად გადაადგილებას უზრუნველყოფდა, ასევე განიტვირთებოდა მოძრაობა წერეთლის გამზირსა და ქუთაისის ქუჩაზე. თბილისის მერია სურვილს გამოთქვამს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთხელ გადახედოს აღნიშნულ პროექტს და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილონ ხიდის საჭიროებისა და მშენებლობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ეკონომიკურად გაუმართლებელ პროექტებს აჩერებს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს განსახორციელებელ რამდენიმე მასშტაბურ პროექტს, რომლებიც 2012 წელს დაიგეგმა, მათი მიზანშეუწონლობის გამო, აღარ განახორციელებს.
როგორც "პირჭელს" საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, შესაბამისი კვლევების ჩატარების საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით - 80 მლნ ლარი) აღარ აიგება.
"საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, ხიდის აგებას აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. კიდევ ერთი ხიდის პროექტი, რომელსაც თბილისი-ლესელიძის ტრასა მცხეთასთან უნდა დაეკავშირებინა, გაუქმებულია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრების არსებობის საკითხი, რადგან ახალი ხიდი, სწორედ ამ ისტორიული ძეგლების არეალში ექცევა. მუნიციპალურ განვითარების ფონდის მიერ 2013 წლისთვის დაგეგმილი პროექტების სიიდან, ფონდის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამოღებულია ბათუმის 2 კილომეტირანი სანაპირო ზოლის ე.წ. ოქროს ქვიშით მომარაგებაც. პროექტის თანახმად, 2 კმ-იანი მონაკვეთის ქვიშით მომარაგება (ერთჯერადად) სახელმწიფოს 50 მლნ ლარი დაუჯდებოდა. ამის მიუხედავად, მუნიციპალური განვითარების ფონდი არ წყვეტს ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრებითი პროექტის განხორციელებას. მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ, 20 მილიონ ლარს არ აღემატება", - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
მასალის გამოყენების პირობები






