სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობას წყალი არ გაუძვირდება. თითქმის ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული მცხეთასთან დაკავშირებით, გაძვირება მხოლოდ გამრიცხველიანებულ აბონენტებს შეეხო. სემეკის გადაწყვეტილებას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აპროტესტებს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) არ ეთანხმება სემეკის მიერ დადგენილ ტარიფს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, წყლის ტარიფის ცვლილება 2015 წელს განსაზღვრული იყო (იხ. ვრცლად).
რატომ არ გაიზარდა ტარიფი და დააღვია თუ არა სახელიმწიფომ აღნიშნული ხელშეკრულება სემეკის დახმარებით. იყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ კომპანიის მიერ არშესრულებული ვალდებულება, რომელსაც სემეკის მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა. რამდენად გარანტირებული აქვს მოსახლეობას ხარისხიანი წყლის მიღება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტარიფების ცვლილებასთან. ქსელების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის გათვალისწინებული ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ტარიფის ცვლილებით მიღებული შემოსავლებით ფინანსდება.
ენერგოსისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებულ არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში ენრეგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) ყოფილი თავმჯდომარე, ექსპერტი გურამ ჩალაგაშვილი.
სემეკის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნულ თემაზე უფრო მარტივი იქნება საუბარი თუ სამინისტრო და სახელმწიფო გამოიჩენს კეთილ ნებას და გაასაჯაროებს იმ ხელშეკრულებებს, რომელიც გაფორმებულია მათსა და კომპანიებს შორის, რომელზეც აცხადებენ, რომ ის არის კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი.
_ხელშეკრულება არის გაფორმებული სახელმწიფოსა და GWP-ს შორის. აქ შედის თბილისის წყალი, რუსთავის და მცხეთის წყალი. სახელმწიფოს ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ ამ წელს კომპანიას (GWP-ს) ტარიფი გაეზრდებოდა. ასევე GWP-ს ჰქონდა ვალდებულება, რომ უნდა ჩაედო საკმაოდ დიდი ინვესტიცია, რომლითაც მოხდებოდა ქსელის რეაბილიტაცია, თბილისის ძველ და ახალ საზღვრებში მოსახლეობას ექნებოდა 24 საათიანი წყალმომარაგება, აღარ მოხდებოდა მტკვარში ფეკალური მასების ჩადინება, აშენდებოდა გარდაბნის გამწმენდი სადგური და ა.შ. შესაბამისად, GWP-ს თავის დროზე ტარიფი დაუდგინდა მცხეთა-თბილისი-რუსთავზეც და აქვს დღემდეც. ვინაიდან 2015 წელს ეკუთვნოდათ ტარიფის გაზრდა, შეიტანეს განაცხადი და როგორც ვნახეთ, სემეკმა უარი უთხრა ტარიფის გაზრდაზე. როგორც ეს მათ განაცხადეს, სემეკმა მოახდინა გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც ტარიფი გაზრდას არ საჭიროებს. ანუ ახალი გათვლებით, ტარიფი გამოვიდა იგივე, რაც იყო აქამდე.
_გამომდინარე არსებული ვალდებულებიდან, რატომ არ გაუზარდა სემეკმა ტარიფი?
აქ არის ორი საკითხი, იყო ეს რეალური გათვლები თუ იყო პოლიტიკური გადაწვეტილება.
_თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ან პოლიტიკური გადაწყვეტილება, ან სემეკმა არ გაზარდა ტარიფი იმიტომ, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს. სემეკს უნდა ეთქვა, რომ GWP-მ არ შეასრულა ვალდებულებები და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულება მოხსნილი აქვს და ტარიფს არ ვუზრდით. ამის თანმდევი ნაბიჯი კი უნდა ყოფილიყო ის, რომ კომპანიას, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებას, ანუ აქვს მენეჯმენტის პრობლემა, უნდა მართავდეს ე.წ. დროებითი მმართველი, რომლის გამოცდილებაც საქართველოში არსებობს და რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს სემეკი. მენეჯმენტში პრობლემის აღმოფხვრა კი აუცილებელია იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ დავრჩეთ 24 საათიანი წყალმომარაგების გარეშე, ან უარეს შემთხვევაში არ მივიღოთ დაბინძურებული სასმელი წყალი ჩვენს ონკანებში.
_რა ღონისიძება უნდა გაეტარებინა სემეკს?
_ანუ, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც არსებობს კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, სემეკს უნდა გაეკეთებინა ის, რაც ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ ყაზტრანსგაზთან მიმართებაში. ანუ დავინახეთ, რომ მენეჯმენტში იყო პრობლემა და არსებობდა რისკი, რომ ქალაქი დარჩენილიყო გაზის გარეშე. როგორც კი მოგვმართა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (ვინც იყო მევალე), მაშინვე ჩვენ შევიყვანეთ დროებითი მმართველი, რომელი ინსტიტუტიც დღემდე არსებობს. ანუ სახელმწიფომაც და მარეგულირებელმაც იცის, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტი არის საკმაოდ კარგი გამოსავალი და მუშაობს, თუკი ცხადია, შეიყვან ნორმალურ დროებით მმართველს და არა ისეთს, როგორიც დღეს ჰყავს ყაზტრანსგაზსს. ამ შემთხვევაში, სემეკმა ტარიფი არ გაზარდა, არც დროებითი მმართველი შეიყვანა, არც შემოწმებაზე არ შესულა, რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ მენეჯმენტში პრობლემა არ არსებობს, ანუ კომპანიამ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. თუკი კომპანიამ შეასრულა ვალდებულება, მაშინ გამოდის, რომ სემეკის დახმარებით სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომლითაც კომპანიას გაეხსნა ხელ-ფეხი და ხელშეკრულებას მათ ვეღარავინ უხსენებს და რაც ყველაზე მთვარია, ეს არის ყველაზე ცუდი მესიჯი პოტენციური ინვესტორებისთვის. მათ უკვე იციან, რომ თუ ხელისუფლებას დასჭირდა, ვალდებულებებს არ შეგისრულებს. რაც თავისთვად ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. და რაც ყველაზე ცუდია დღეის მდგომარეობით, კომპანიას ხვალ შეუძლია მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს და ძალიან დიდი საურავები დააკისროს სახელმწიფოს, ასევე შეუძლია ყველა ვალდებულება მოიხსნას, არ ჩადოს დარჩენილი ინვესტიცია, არ მოხდეს ულტრათანამედროვე გამწმენდი სადგურის მშენებლობა (რაც აზერბაიჯანთან შექმნის გარკვეულ პრობლემებს)
_თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა ტარიფების გაზრდა, მითუმეტეს დღეს, პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის ჯიბეს...
_ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია იმ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც სემეკი ენერგოპროს გაუზრდის ელექტროენერგიის ტარიფს 10 სექტემბრამდე. აქ არის გათვლა, რომ GWP (თბილისის წყალი), უხეშად რომ ვთქვათ, არ დაიხრჩობა თუ მას ერთი წელი ტარიფი არ გაეზრდება. ხოლო ელექტროგამანაწილებლები მართლაც ძალიან ცუდ დღეში არიან და მათი მიტოვება, დარგის სრულ კატასტროფამდე მიყვანას ნიშნავს. ასევე, მაისის ბოლოს წყალმომარაგების ტარიფი გაზარდო, სამ თვეში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მიაყოლო, პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის სრული ფიასკოს ტოლფასი იქნებოდა და ვფიქრობ ამის გამო გაიწირა GWP.
გამოდის, რომ სახელმწიფოს ტარიფის ზრდა, გვინდა არ გვინდა, მოუწევს...
_თუ გვინდა რომ ენერგეტიკა, როგორც დარგი არ დაინგრეს, რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება წყალს, თავის დროზე ეს გათვლები იყო გაკეთებული და ამიტომაც იყო გადაწყვეტილი რომ ტარიფი უნდა გაზრდილიყო, საუბარია თბილისის წყალზე. ლარის კურსია საკმარისი იმისათვის, რომ კომპანია სერიოზული პრობლემების წინაშე დადგეს, ყველნაირი პროდუქციის შეძენა ხდება დოლარზე და შესაბამისად, მათ პროდუქცია გაუძვირდათ. ამას ისიც ემატება, რომ ელექტროენერგიის ტარიფი თუ მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის წყალს აქვს თავისი ორი ჰესი, რა თქმა უნდა, ამ ორი ჰესის ტარიფის გადახედვასაც მოითხოვენ და მათი ზრდაც მოხდება. ჰიდროელექტროსადგურს ხომ სჭირდება შენახვა?
_რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისათვის, რომ ტარიფი არ გაიზარდოს ისე, რომ მოსახლეობას ეს მძიმე ტვირთად დააწვეს?
_სახელმწიფოს აქვს ორი გამოსავალი. ერთი ეს არის - ფურორს თუ მოახდენენ ეკონომიკური განვითარების კუთხით და ალბათ მსოფლიოში რაღაც ახალი უნდა გამოიგონონ და შეძლონ რამოდენიმე ასეული მილიონი უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. კიდევ არის შესაძლებელი ტარიფი შენარჩუნდეს, თუ ლარის კურსი ჩამოცდება 1,9 ნიშნულს, ან უმნიშვნელოდ გაიზარდოს, რომლის სუფსიდირებაც სახელმწიფოსთვის არ იქნება განსაკუთრებით დიდი ტვირთი. თუ ლარის ნიშნული ორის ქვემოთ არ დაბრუნდება და თუ გვინდა, რომ ენერგეტიკის დარგი არ დაინგრეს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ხერხემლად ითვლებოდა და რომლის შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის ბევრ ადამიანს, მაშინ უნდა გაიზარდოს ტარიფი. თუ უნდა ხელისუფლებას, რომ დენის ტარიფი მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს, მაშინ მათ უნდა განახორციელონ სუბსიდირება, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეის მონაცემებით, რაც არის დოლარის კურსი, უკვე საშუალო შეწონილი ელექტროენერგიის ღირებულებისა გაზრდილია დაახლოებით 2,5 თეთრით, რაც ნიშნავს იმას, რომ 10 მილიარდი კილოვატსაათის მოხმარებისას სახელმწიფოს მოუწევს დაახლოებით 250 000 000 ლარით სუფსიდირება, პლუს ამას მიემატება გაზის 16 000 000 თვეში და ჯამში ეს გამოვა დაახლოებით ნახევარი მილიარდი წელიწადში. რომელიც არ მგონია ადვილი გადასახდელი იყოს დღევანდელი ბიუჯეტის პირობებში.
_გამოდის, რომ ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით არარელური იყო?
_ფაქტია, რომ ტარიფების შემცირება არის შეუძლებელი და მსოფლიოში ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც მსგავსი ტენდენცია არსებობს. არასწორია ტარიფის შემცირებაზე საუბარი და მიმაჩნია, რომ არასწორი იყო, როდესაც თავის დროზე სახელმწიფოს, თელასსა და ენერგოპროჯორჯიას შორის მოხდა მოლაპარაკება ტარიფის შემცირებაზე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დეკემბერში უკვე ტარიფი შემცირდა სამი თეთრით.
_ამ დროს თქვენ ჯერ კიდევ სემეკის თავმჯდომარე იყავით...
_მე გახლდით კომისიის თავმჯდომარე და ამის შესახებ მკითხეს კიდეც ჟურნალიტებმა, რომ თქვენი პროტესტი არ გვახსოვსო, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ მე როგორც თავმჯდომარეს არ მქონდა არანაირი უფლება, შევწინააღმდეგებოდი კერძო კომპანიის გადაწყვტილებას, რომელმაც ტარიფის შემცირების თაობაზე წერილით მომართა კომისიას და იღებდა ამაზე პასუხისმგებლბას. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოხდა, აპრილის თვეში ამის დადასტურება და მას შემდეგ არის ისე, როგორც არის. ეს იყო არასწორი ნაბიჯი, რადგან ძალიან ბევრის დათმობაზე წავსლა მოუწია სახელმწიფოს. ვფიქრობ, ამ თემაზე უფრო მარტივი იქნება საუბარი თუ სამინისტრო/ სახელმწიფო გამოიჩენს კეთილ ნებას და გაასაჯაროებს იმ ხელშეკრულებებს რომელიც გაფორმებულია მათსა და კომპანიებს შორის და რომელსიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად. მიუხედავად იმისა, რომ ზედმიწევნით კარგად ვიცი ამ ხელშეკრულებაში რა წერია, არ მაქვს უფლება, მოვყვე მათი შინაარსის შესახებ. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, წინა ხელისუფლების დროს დადებულ ხელშეკრულებებში, რომელიც უკვე ბათილად არის ცნობილი, ძალიან ბევრი ვალდებულება ჰქონდა ენეგროპროსაც და თელსსაც ჩადებული. ათეულობით და ასეულობით მილიონის ინვესტირება უნდა მომხდარიყო დარგში და ეს თანხა უნდა შემოსულიყო საქართველოში. ეს ის მილიონებია, რომელიც წლები განმავლობაში ინარჩუნებდა ლარის კურსსაც და წინ სწევდა ეკონომიკას სხვა ბევრ ინვესტიციებთან ერთად.
_ამბობთ, რომ არ გაქვთ საიდუმლო დოკუმენტის შინაარის გამჟღავნების უფლება, მაგრამ თქვენ თქვით, რა იყო ჩადებული წინა ხელისუფლების დროს დადებულ ხელშეკრულებებში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღეს არსებულ ხელშეკრულებებში რაღაც ვალდებულებები მოხსნილია?
_კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ მაქვს იმის თქმის უფლება, რაც წერია ახალ ხელშეკრულებაში. სულ იყო ამაზე საუბარი, რომ სემეკში დევს ხელშეკრულება, რომ ჩალაგაშვილი არის ბუა და არ ასაჯაროებს მათ, მაშინ როცა სემეკი არაფერ შუაში იყო არც მაშინ და არც ახლა, რადგან ხელმომწერი მხარე სემეკი არ არის, არამედ არის სახელმწიფო და კომპანია.
_ხელისუფლებაში მოსვლამდე, ,,ქართული ოცნება“ სწორედ ამას ამბობდა, რომ ისინი გაასაჯაროებდნენ ამ დოკუმენტს.
_კი ბატონო, იყო საუბარი, რომ ხელისუფლებაში მოვალთ და ჩვენ გავასაჯაროებთ... პირველი რაც მოხდა, ძველი ხელშეკრულება გაუქმდა და ახალი ხელშეკრულება, სანამ სემეკში შემოვიდოდა, უკვე კომერციული საიდუმლოების შემცველად გამოაცხადეს. გაასაჯაროოს ხელისუფლებამ ახალი ხელშეკრულება, დაუდოს გვერდით ძველით ნაკისრი ვალდებულებები და ავწონ-დავწონოთ. შეაფასონ ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტებმა და ვნახოთ, რამდენად ღირდა, რომ ტარიფი 3 თეთრით შემცირებულიყო. გარდა ამისა, ეს 3-თეთრიანი ცვლილება შეეხო იმ ოჯახებს, რომელთა ხარჯიც თვეში იყო არაუმეტეს 100 კილოვატისა. ანუ ვინც იხდიდა დაახლოებით 17 ლარამდე და არ ეხება მათ, ვინც აქამდე 18 ლარს და ზევით იხდიდა.
ნამდვილად არ მინდა პანიკა დავთესო მოსახლეობაში, მაგრამ თუ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება, მაშინ ზამთარში მას საუკეთესო შემთხვევაში მივიღებთ გრაფიკით. ხოლო რაც შეეხება GWP-ს (თბილისის წყალს), ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან და მართლაც მფლობელების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული ჩადებენ თუ არა რაიმე სახის ინვესტიციას და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






