ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ოპერაციის გეგმა დაამტკიცეს, რომელიც კონტრაბანდისტთა გემების ძიებას და მათ განადგურებას ითვალისწინებს. უმაღლესი ევროკომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ოპერაცია ივნისიდან დაიწყება.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული კვირის განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, ამ წელს ერთერთი ყველაზე დიდი ტრაგედია აპრილის ბოლოს დაფიქსირდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
გაერო-ს მონაცემებით, საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 1.800-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ოპერაცის განსახორციელებლად გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი დასჭირდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






