ჩეჩნეთის ადმინისტრაციული რაიონის ნოჟაი-იურტის პროკურატურაში, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის, ელენა მილაშინას წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. საჩივარი, ჩეჩენი ჩინოვნიკისა და არასრულწლოვანი გოგონას ქორწილის შესახებ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, 30 აპრილს „ნოვაია გაზეტამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნოჟაი-იურტოვკის პოლიციის მაღალჩინოსანი და რამზან კადიროვის მეგობარი, 47 წლის ნაჟუდ გუჩიგოვი 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე დაქორწინებას გოგონას ნების საწინააღმდეგოდ აპირებდა. ფაქტის გასარკვევად, ჟურნალისტი გოგონას ოჯახში მივიდა, საიდანაც ის გამოაგდეს და უთხრეს, რომ მისი დახმარება არავის სჭირდებოდა.
სკანდალური ქორწილი 16 მაისს შედგა, ელენა მილაშონას კი სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეჭრაში სდებენ ბრალს.
სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი რამზან კადიროვმაც გააკეთა, რომელმაც ქორწილს "ათასწლეულის დღესასწაული" უწოდა და განაცხადა, რომ მან გოგონას მშობლებთან ხალხი გააგზავნა, რომლებსაც ქორწილზე თანხმობა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ 17 წლის გოგონა ჩინოვნიკზე საკუთარი ნებით თხოვდებოდა და ჭორებს გუჩიგოვს "ვიღაც ლიბერალები" უვრცელებდნენ. ქორწილის კადრების გავრცელების შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო.
თავის მხრივ, „ნოვაია გაზეტა“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისთვის, ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტის გამოძებაზე განცხადებას ამზადებს და გამოძიების დასრულებმდე რესპუბლიკაში მუშაობას წყვეტს.
მასალის გამოყენების პირობები






