რუსეთთან დიალოგი სახიფათოცაა და დიდი შანსია, მოგებული გამოვიდეს რუსეთი, ვიდრე საქართველო - ლაგაზიძე
პოზიცია - 23:54, 17 May, 2015     4442
,,მე კითხვას ვსვამ - შეიძლება ასეთი ხალხი მართვადეს ქვეყანას, რომელსაც პროფესიონალი და ინტელექტუალი ადამიანების კომპლექსი აქვთ?“ - ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში საქართველოში პრორუსული ჯგუფების გააქტიურებასა და საზოგადოებაში გაჩენილ აგრესიაზე საურბობს. ექსპერტისთვის გაუგებარი ამ კუთხით ხელისუფლების უმოქმედობა და მიიჩნევს, რომ პრორუსული ჯგუფებიდან წამოსული აგრესია, ისევ ამ ხელისუფლებას წალეკავს. ლაგაზიძის თქმით, თუ ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ აწარმოოს დაბალანსების პოლიტიკა იმისათვის, რომ რუსეთი ნაკლებად გააღიზიანოს, ასეთ შემთხვევაშიც კი ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ბერკეტი, რომ ალტერნატიული გზებით გააკეთოს ის, რასაც თავად ღიად ვერ აკეთებს.

_თუ ვიმსჯელებთ NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებით და ,,ევრაზიული კავშირის“ მომხრეთა 31%-ით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში სახეზეა პრორუსული განწყობის აშკარა მატება? რასთან გვაქვს საქმე? ეს არის საზოგადოების არაინფორმირებულობა, რაზეც ითქვა და დაიწერა ამ დღეებში, თუ ეს არის რუსული საინფორმაციო პროპაგანდის შედეგი?

_დავიწყოთ იმით, რომ ეს არის არასწორად დასმული კითხვის შედეგი. ,,ევრაზიული კავშირის“ მომხრე ადამიანების პარტიათა შორის განაწილება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან არაადექვატურია შედეგის კუთხით. მე ძნელად მეგულება ნაციონალური მოძრაობის ან თავისუფალი დემოკრატების მომხრე, იმავდროულად ,,ევრაზიული კავშირის“ მხარდამჭერი იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ თუ ვინმეს ჰყავს იდეოლოგიურად შეკრული ამომრჩეველი, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. პირველი რიგის ფაქტორად დავასახელებდი იმას, რომ რესპოდენტებს უბრალოდ აერიათ დასახელება. ადამიანებს კვლევის მომენტში არავინ აუხსნიდა, რაზე იყო საუბარი. ამდენად, შეცდომის ალბათობა არის ძალიან მაღალი. ვფიქრობ, რაღაცნაირად უფრო მეტად უნდა ყოფილიყო დაზუსტებული, რომ პასუხი სწორი ყოფილიყო. ეს NDI-ის ხელმძღვანელმაც აღიარა, რომ კითხვამ გამოიწვია ბევრი გაუგებრობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრორუსული განწყობები არ არის სახიფათო. რუსეთის მომხრეები თავის ბუნებას ვერ მალავენ, რამდენი ხანიც არ უნდა მალოს თავი ,,რბილი ძალის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების და ეკონომიკური ბერკეტების ზემოქმედების საფარქვეშ, რომელიც ამერიკელებისგან გადაიღო, ის თავის ბუნებას მაინც ვერ მალავს და მათ შორის, მის მომხრეებიც. იგივე, რაც გადაცემა ,,რეაქციაში“ ვნახე, იყო მათი მხრიდან აბსოლუტურად ცინიკური, თავხედური დამოკიდებულება და სახელმწიფო როგორ ითმენს ამას, მე ეს მაინტერესებს.

_თავად სახელმწიფოს მხრიდან როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ან გნებავთ რეაგირება?

_ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა. არ აქვს მნიშნელობა ამას პროპაგანდას დავარქმევთ თუ სხვა რამეს. შესაბამისად, სახელმწიფოს რეაგირებაც უნდა იყოს სათანადო. ერთია საინფორმაციო პოლიტიკა ან ეკონმიკური ბერკეტებით ზემოქმედება, მაგრამ მეორეა პროვოკაციები, რომელზეც ღიად მოდიან. მოდიან ყველა ტიპის ურთიერთობაში, პირდაპირ ეთერშიც კი. ესენი უკვე ,,რბილ ძალას“ სცდებიან და საშიში ხდებიან საზოგადოებისთვის ფიზიკურადაც კი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს უარყოფითი მუხტი და აგრესია, რომელიც საზოგადოებაში გროვდება, ხელისუფლების გადასახდელი არ იქნება, ძალიან ცდება. შორეული შედარებაა შეიძლება, მაგრამ იგივე ლარის კურსთან მიმართებაში, პირველი პერიოდი მართლაც იყო საგარეო ფაქტროები, მაგრამ რომელი საქართველოს მოქალაქე გაურჩევს საქმეს რუსეთის ხელისუფლებას რუბლის ვარდნის გამო ან ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს ნავთობზე ფასის დაცემის გამო და მითუფრო უკრაინის მთავრობას, იქ არსებული ომის გამო... საქართველოს მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებელი არის საქართველოს ხელისუფლება. ისევე, როგორც ამ აგრესიას რაც შედეგად მოყვება, არის პასუხისმგებელი არა კონკრეტული რუსეთის აგენტი, რომელიც თავის ძირგამომთხრელ საქმიანობას ახორციელებს, არამედ ხელისუფლება, რომელმაც არ თუ ვერ შეძლო, რომ ეს აღეკვეთა. ეს აგრესია რომ ამოხეთქავს, პირველ რიგში ხელისუფელბას წალეკავს. ეს მიგვიყვანს სერიოზულ პრობლემამდე და ამას უნდა სისტემური მიდგომა.

_ფიქრობთ თუ არა, რომ ეს აგრესია არა მხოლოდ ხელისუფლებას, თავად საზოგადოებას და მის ნორმალურ განვითარებასაც აზარალებს?

_ნახეთ რამდენი ტიპის აგრესიაა - პრორუსებისა პროდასავლელების მიმართ; ნაციონალების - ყველა არანაციონალის მიმართ, ნაციონალების დროს დაზარალებულების - ნაციონალების მიმართ და ა.შ. შეიძლება ასეთი საზოგადოება ნორმალურად ვითარდებოდეს, რომელსაც ამდენი სიძულვილი და ამდენი ურთიერთაგრესიული ჯგუფები კვებავს? იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამ ურთიერთდაპირისპირების მოხსნისკენ იყოს მიმართული, ის გვერდიდან უყურებს ამ პროცესებს.

_პოლიტიკოსების და მათ შორის ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისი პასიურობით ხელსაც კი უწყობს პრორუსული ჯგუფების ასეთ ქმედებას. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება ხელისუფლების მხრიდან... მათ შორის უმრავლესობის წევრთა პრორუსული განცხადებები. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეს იყოს წამახალისებელი ფაქტორი ასეთი ჯგუფებისთვის?

_ერთი რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქავთ არის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, რომ ხელისუფლება თვალს მიღმა უყურებს ამ ქმედებებს. მეორე არის ის, რომ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად არიან ის ჯგუფები და ამას თვითონ აღიარებენ, რომლებიც ნატოსთან ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავენ და ევრაზიულ კავშირში ხედავენ ხსნას, იგივე გოგი თოფაძე, რომელიც ამის ტირაჟირებას არ ერიდება. მესამეს მხრივ, შეიძლება ის იფიქრო, რომ ხელისუფლება გრძნობს რა ამომრჩევლის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ეხლა არის გაურკვევლობაში რუსეთთან მიმართებაში, არ უნდა დაკარგოს ეს ამომრჩეველი და მკვეთრად პრორუსულ ძალებს გადაულოცოს, ამირომ თოფაძის პირით ასეთი მესიჯებს უშვებს. მეოთხე შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ხელისუფლება ცდილობს დაბალანსების პოლიტიკა აწარმოოს და ნაკლებად გააღიზიანოს რუსეთი, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი სამხედრო აგრესიის მორიგი ტალღა. მეხუთე ის, რომ შეიძლება ხელისუფლება შეგნებულად უყურებდეს ამ აგრესიას თვალს მიღმა. ყველას აქვს აქედან არსებობის საშუალება და მათ კომბინაციებსაც.

_შედეგი რა ექნება ამას?

_შედეგი არის ის, რომ ფაქტობრივად ქართული საინფორმაციო სივრცე ამ რუსული პროპაგანდისთვის არის კაპიტულირებული. თუ ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ აწარმოოს დაბალანსების პოლიტიკა იმისათვის, რომ რუსეთი ნაკლებად გააღიზიანოს, ასეთ შემთხვევაშიც კი ხელისუფლებას ყოველთვის აქვს იმის ბერკეტი, რომ ალტერნატიული გზებით გააკეთოს ის, რასაც თავად ღიად ვერ აკეთებს.

_რას გულისხმობთ ამ ბერკეტებში?

_ამისთვის არსებობს სამოქალაქო სექტორი, საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფები. მათ ხომ შეუძლიათ, რომ კოორდინირებულად შექმნან ალტერნატიული საინფორმაციო პოლიტიკა და მოიძიონ ფინანსები. ესეც გზაა. როცა შენ არ გინდა იყო წინა პლანზე, გაააქტიურე ეს სამოქალაქო ჯგუფები და მათი მეშვეობით აკეთე ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, იგივე ალტერნატიული საინფორმაციო პოლიტიკის შექმნა, საკანონმდებლო ბაზის ინიცირება, რომელიც შეაკავებს ამ აგრესიას და ა.შ. ამ მხრივაც პასიურია ხელისუფლება. მაგრამ დღეს რომ უსაყვედურო, ამას რატომ არ აკეთებ, ზოგადად ხელისუფლების კომუნიკაცია და პიარი არის აქილევსის ქუსლი. ის თავის პიარს ვერ აკეთებს.

_ძალიან ბევრს საუბრობენ რუსეთთან დიალოგის შესახებ. როგორ ფიქრობ, ამ ეტაპზე და ამ მოცემულობაში, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს და პირველი რიგის საკითხი რა უნდა დაისვას, რაც ქართული სახელმწიფოს ინტერესებში შევა, თუკი საუბარია დიალოგზე.

_ძალიან რთული სათქმელია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებიდან ძალიან დიდი შანსია გამოვიდეს მოგებული რუსეთი, ვიდრე საქართველო. იმიტომ, რომ მე არ მესახება იმაზე უფრო ღრმად შესვლა ურთიერთობებში რუსეთთან ისე, რომ საქართველომ უფრო მეტად დაკარგოს, ვიდრე მოიგოს. ამიტომაც, მე ვთვლი, რომ ერთადერთი სწორი პოლიტიკა რუსეთთან არის დროის გაყვანის პოლიტიკა. როგორმე, სანამ მსოფლიოში ეს მწვავე კრიზისები დალაგდება და გაირკვევა რუსეთის პერსპექტივა უახლოეს წლებში და სულ მცირე აშშ-ს არჩევნების შედეგები, მანამდე საჭიროა, რომ დრო მოვიგოთ, არსებული სტატუსკვო შევინარჩუნოთ რუსეთთან, ეს არის მაქსიმუმი რეალისტები თუ ვიქნებით. რუსეთს იმდენი რამის წაღება უნდა საქართველოდან, რომ არსებული სტატუსკვოს შენარჩუნებაც კი რთული იქნება. მაგალითად, მთელი ენერგტიკული სისტემის, იგივე რკინიგზაზე კონტროლის, გაზსადენის და ა.შ. ამიტომაც, მე არ მესახება თემა, რა თემაშიც საქართველომ შეიძლება რაიმე ხელშასახები შედეგი წამოიღოს რუსეთისგან. ეს დიალოგი შესაძლოა უფრო ხიფათის შემცველი აღმოჩნდეს, მითუმეტეს იმ განცხადების ფონზე, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე 4 ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხი უნდა დადგეს, აქამდე ჩვენ აქამდე ასეთი დადებითად ხმაურიანი განცხადება არ მოგვისმენია. დასავლეთის გააქტირება ბოლო ორი-სამი კვირის მანძილზე აშკარად შემჩნევა თავდაცვის სფეროსთან მიმართებაში, ამ ფონზე მე უფრო მეტად ველოდები რუსეთის არასასურველ გააქტიურებას.

_ამ ფონზე მნიშვნელოვანია, როგორ დალაგდება მომავალი პარლამენტი...

_ძალიან მნიშვნელოვანია როგორ დალაგდება მომავალი პარლამენტი. მე ვფიქრობ, რომ არა ღიად, მაგრამ ფარული ბრძოლა წარიმართება ქართული ოცნების საარჩევნო სიისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ პროდასავლელი პოლიტიკოსები ეცდბიან მეტად იყონ წარმოდგენილი, ხოლო რუსეთი შეეცდება პირიქით. ამ დაბალრეიტინგიანი პარტიების ფონზე, მაინც ყველაზე მეტი შანსი აქვს კოალიცია ქართულ ოცნებას და აქედან გამოდინარე, ის იქნება ღერძი, რომელზეც აიგება სამთავრობო კოალიცია მომავალ პარლამენტში. ეს ღერძი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც რუსთისთვის, ასევე დასავლეთისთვის. ვნახოთ როგორ წარიმართება ეს ბრძოლა. თუმცა რეპუბლიკელების გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ისინი შეეცდებიან ამ დარჩენილ წელიწადნახევარში მაქსიმალური აკრიფონ. ანა დოლიძის დანიშვნა მე მეჩვენება, რომ ის გარდამავალი ეტაპია მის ბიოგრაფიაში, მითუფრო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმის ფონზე. კოალიციაში რესპუბლიკელების საპირწონე პარტია ქართული ოცნება ვერ იქნება - ვერც პოლიტიკური გამოცდილებით, ვერც ინტელექტით, ვერც კულუალური ბრძოლით, ვერც დასავლური კონტაქტებით და თუ გნებავთ, ვერც რუსული კონტაქტებით. ქართული ოცნება ვერ იქნება რესპუბლიკელების ოპონენტი, მაგრამ რესპუბლიკელების ოპონენტი შეიძლება იყოს ამთივე ბიოგრაფია იმ გაგებით, რომ მათ მიაწერენ გარკვეულ გამონათქვამებს, რომელიც ყოველთვის ხელს უშლიდა მათ მდგრადობას. როგორ შეძლებენ ამის გადალახვას, ვნახოთ...

_მნიშვნელოვანია თუ არა ამ ვითარებაში დასავლეთის უფრო მეტი გააქტიურება, თუნდაც რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ?

_ ჩვენ, რა შემაკავებელი ბერკეტებიც არ უნდა დავაწესოთ რუსული პროპაგანდის წანააღმდეგ, თუ საზოგადოებამ დასავლეთისგან რეალური ნაბიჯები ვერ იგრძნო, ძალიან ძნელი იქნება პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზება. ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და მეორე, ძალიან მნიშნელოვანი ლარის გადარჩენა. როგორც 2008 წელს დასავლეთის რამდენიმე მილიონიანმა დახმარებამ გარდაუვალი კრახისგან იხსნა ეკონომიკა, ახლაც ლარის კურსის დასტაბილურებისთის, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა მორიგი ტრანში გამოგვიყოს დახმარებისთვის და დროებით მაინც მოხდეს ლარის კურსის შემდგომი შეკავება. ხელისუფლების აპელირება ტურიზმზე, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ფუჭია. ხელისუფლებას სურს, რომ ტურისტები ციური მანანასავით დაეყაროს თავზე და ასე არ ხდება. თითი თითზე არ დაუდიათ წელს ხელისუფლებას ტურისტების მოსაზიდად. არანაირი საინფორმაციო კამპანაი არ ჩატარებულა, როგორც ეს წინა წლებში გვახსოვს ჩვენ. ტირუზმი პირდაპირ მიბმულია რეკლამაზე.

_თქვენ საუბრობდით მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ჩვენ არ ვიცით ჯერ რა სახის საარჩევნო კოდექსით მოგვიწევს არჩევნების ჩატარება, რამდენად გამოიჩენს ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას, გაივთალისწინოს ის შენიშვნები, რომელსაც თანაბრად უერთდება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია.

_იმისათვის, რომ მრავალპარტიული პარლამენტისთვის და კოალიციური მთავრობა მივიღოთ, ამისათვის აუცილებელია შესრულდეს ქართული ოცნების მთავარი დაპირბა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ იძლეოდა. კერძოდ, შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალპარტიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას. პირველი და სასიცოცხლოდ აუცილებელი არის საარჩევნო რეფორმა, რომელიც მაჟორიტარების სისტემას, რომლებიც ყველა ხელისუფლების ხელში მარიონეტები არიან, მას ამოიღებს ხმარებიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას და საზოგადოების წარმომადგენლობის ფართო და დემოკრატიულ მექანიზმს დაემყარება. თუკი ეს ყველაფერი განხორციელდა, თუნდაც ასეთი პოლიტიკური სპექტრის ხელში, ჩვენ შევძლებთ, მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი პარლამენტის მიღებას.

_საინტერესოა ისიც, რომ NDI-ის კველვაში ძალიან დიდი ნაწილი არის, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს.

_მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი ნაწილი, რომელიც არ აფიქსირებს თავის პოზიციას, ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ადამიანური რესურსი, რომელიც შეძლებდა ამ საზოგადოების გაწვდილი ხელის გამოყენებას, არ არსებობს. საინტერესოა ისიც, რომ გამოკითხულთა 85% ისურვებდა ძლიერ ოპოზიციას. ეს მიგვითითებს ახალი პოლიტიკური ძალის სურვილზე, თუმცა ამის ჩანასახიც კი არ ჩანს. არ ჩანს არც მაორგანიზებელი რესურსი, არც იდეა და იდეოლოგია, რომლის გარშემოც მოხდებოდ ამ ძალის ფორმირება და არც ფინანსები, რომელიც იდეას და ადამიანთა ჯგუფებს განვითარების საშუალებას მისცემდა. თუმცა, ის იდეა მართლაც ძალიან კარგია - საქართველო სამკუთხედის წვერში, ანუ იქით ევროკავშირის ბაზარი და აქეთ აღოსავლეთის უმდიდრესი ქვეყნები, რომელთათვისაც საქართველო ძალიან საინტერესო ხდება. საქართველოს გავლით ისინი შევლენ ევროპის ბაზარზე გაცილებით შეღავათიანი პირობებით, ანუ საბაჟო გადასახადის გარეშე. გასაგებია, რომ ამას სჭირდება ძალიან ბევრი საკანონმდებლო რეგულაცია და ძალიან ბევრი თავისუფალი ხელშეკრულების გაფორმება ამ ქვეყნებთან იგივე ჩინეთთან, თურქეთთან, ირანთან და ა.შ. და აქ პლუსები და მინუსები დასათვლელია და ეს ეკონომისეტების სფეროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის უნიკალური შანსი, რომ საქართველო გამოვიდეს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების 25 წლიანი ციკლიდან და გახდეს არა დაპისირპირების, არამედ კონსენსუსის ობიექტი მსფოლიოს უმდიდრესი სახელმწიფოებისთვის. ეს ძალიან კარგი იდეოლოგიაა ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალისთვის. არიან ცალკეული ძალიან საინეტერესო ადამიანები, მაგრამ არ ჩანს გამაერთიანებელი ძალა.

_თუ უშვებთ შესაძლებლობას ან თუ მოიაზრებთ პრეზიდენტს ამ ახალი ძალის შემკვრელად, რაზედაც თქვენ საუბრობდით?

_ვერ გეტყვით, თუმცა არ დავმალავ, მე პირადად მქონდა სურვილი, რომ ის ყოფილიყო ამ საზოგადოებრივი აქტივობის ღერძი, არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივად აქტიური ძალები აიგებოდა, ეს იქნებოდა ახალგზრდული აქტივობების ცენტრი, ინოვაციების და ა.შ. მაგრამ ამ მიმართულებით მე მის აქტივობას ვერ ვხედავ. ეს არის ჩემი ერთადერთი პრეტენზია მის მიმართ. საზოგადოებრივი აქტივობის ღერძი უნდა გახდეს და საზოგადოება მერე თავად მონახავს თავის გზას, როგორ განვითარდება და წაადგება ქვეყანას. იგივე ახალგაზდებთან არავინ მუშაობს, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. ახალგაზდრობის საუკეთესო ნაწილი საერთოდ ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ქართულ ოცნებას საერთოდ სალაპარაკო არ აქვთ მათთან, ინეტელქტი იმდენად მოიკოჭლებს და იმდენად ეზიზღებათ აზროვნება და ინტელექტთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი თაობის ადამიანი, რომ მათ უბრალოდ კომპლექსი აქვთ ამ ადამიანებთან ურთიერთობის და იგივე ჭირთ ახალგაზრდებთან. მე კითხვას ვსვამ - შეიძლება ასეთი ხალხი მართვადეს ქვეყანას, რომელსაც პროფესიონალი და ინტელექტუალი ადამიანების კომპლექსი აქვთ. შედეგიც შესაბამისია. იგივე თავისუფალი დემოკრატები, მე მესმის, რომ მათი ფინანსური რესურსი ვერ მოვა ნაციონალური მოძრაობის რესურსთან, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი ფინანსები არ არის. აუცილებელია, რომ ახალი თაობა შემოიყვანონ პოლიტიკაში და ამ ადამიანების რესურის უნდა გამოიყენონ პოლიტოსებმა მაქსიმალურად ქვეყნისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42