თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ეგვიპტის ექსპრეზიდენტისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააპროტესტა და დასავლეთი თვალთმაქცობასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„მაშინ, როცა დასავლეთი აცხადებს, რომ უარს ამბობს სასიკვდილო განაჩენის გამოტანაზე, ისინი(დასავლეთს ქვეყნები) უბრალოდ აკვირდებიან თუ როგორ სჯიან ხალხს სიკვდილით ეგვიპტეში. ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ“ - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს, მუჰამედ მურსის, 2011 წელს ერთერთი ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევის საქმესთან დაკავშირებით, ქაიროს სასამართლომ დღეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ერთი თვის წინ სასამართლომ, ექსპრეზიდენტს 20 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა.
მას, 2013 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების დროს, ოპოზიციონერებისა და დემონსტრანტების მკვლელობაში დასდეს ბრალი.
მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ, ექსპრეზიდენტის რამდენიმე მომხრე 2013 წლის შეტაკებების პროვოცირებისთვის სიკვდილით დასაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






