ქალებში ერთნაირად წონადია დაპირებული ძვირადღირებული სახლიც და თაიგულიც, თუ არცერთი მათგანი არ სრულდება. აქ აქლემისა და ნემსის ქურდის პრინციპი მოქმედებს - აუსრულებელი დაპირება, უბრალოდ, აუსრულებელი დაპირებაა, ხოლო ყველა მამაკაცი, რომელიც დაპირებას არ ასრულებს, ჩვენთვის ან მატყუარაა, ან სუსტია და ან გაიძვერა. ხედავთ რამხელა არჩევანია?
2. არ მოიტყუოთ!
პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ მაინც გავიგებთ და მერე მტრისას. თუმცა ამჯერად ტყუილში თქვენთვის დამახასიათებელ და აქამდე უკვე მილიონჯერ გამოყენებულ სიცრუეს არ ვგულისხმობ. საუკუნეების გასვლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მივხვდით ქალები, რომ თუ მამაკაცი სამსახურში შეყოვნდა, თუ უეცრად ძმაკაცებმა დალევა გადაწყვიტეს, თუ საცობშია, თუ სამსახურში შეყოვნდა, მერე საცობში მოხვდა და ამ საცობში შემთხვევით საუკუნის უნახავი ძმაკაცი შეხვდა და დასალევად წავიდა – ესე იგი, მამაკაცი იტყუება! - მოკლედ, ასეთ ტყუილებს ისედაც უნდა შეეშვათ, ჩემი რჩევის გარეშეც. სულ რომ ყველაფერს თავი გავანებოთ, მოძველდა უკვე. თქვენ კიდევ, რამდენადაც მახსოვს, სხვა მამაკაცის ნახმარი რამეები არ გიყვართ.
მაგრამ ამჯერად სულ სხვანაირ ტყუილზე მინდა ვისაუბროთ. ტყუილზე, რომლითაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საკუთარ თავსაც კი "აბოლებთ". მაგალითად, სანამ ქალს ეტყვით, რომ არ ხართ ეჭვიანი - კარგად დარწმუნდით ამაში. ურთიერთობის დასაწყისში ეჭვიანი არავინაა, მაგრამ როდესაც გიყვარდება ადამიანი, შესაძლოა, პარანოია დაგემართოს. ამიტომ სანამ ქალს მისი გულის მოსაგებად ეტყვით, რომ თქვენში "პარანოიკის" მსგავსი არაფერი იმალება, კარგად დარწმუნდით ამაში.
ჩაატარეთ ტესტი, გადახედეთ წარსულ ურთიერთობას და კარგად გაიხსენეთ, დაგილეწავთ თუ არა სახლში ჭურჭელი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს პარტნიორ ქალს კომპლიმენტი უთხრეს.
და ფრაზა "მე შენ გენდობი, მაგრამ არ ვენდობი სხვა კაცებს" ისევე მოძველდა, როგორც ზემოთ აღნიშნული ტყუილები. ან რამე ახალი მოიფიქრეთ, ან კიდევ წარსდექით ჩვენს წინაშე ისეთი, როგორიც რეალურად ხართ.
საუკუნეების მანძილზე ჩვენ იმასაც მივხვდით, რომ იდეალური მამაკაცი (ისევე, როგორც ქალი) არ არსებობს. ამიტომ იყავით ისეთი, როგორიც ხართ, რათა თქვენი რეალურად შეყვარება შევძლოთ. ასეთი სიყვარული ბოლომდე გრძელდება.
p.s. თუ ტესტის შემდეგ "პარანორმალურად" ეჭვიანი აღმოჩნდით, არ ინერვიულოთ. ამქვეყნად ჯერ კიდევ უამრავი წესიერი ქალი დაიარება, რომლებიც ეჭვიანობის საბაბს ცოცხალი თავით არ მოგცემენ!
3. იშვიათად, მაგრამ მაინც გააკეთეთ ის, რაც არ გვიყვართ!
ეს დაუწერელი კანონია. ზოგჯერზე ცოტა იშვიათად გვიყვარს, როდესაც მამაკაცები ნერვებს გვიშლიან, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდიან და ვგიჟდებით, როდესაც საბოლოოდ ეს ყველაფერი იუმორით სრულდება.
მაგალითად, თუ თქვენს საყვარელ ქალს არ უყვარს ყვავილები - აჩუქეთ! და თან დაურთეთ ბარათი სახალისო წარწერით. მას ნერვები მოეშლება, გაეცინება, გადაყრის ყვავილებს, შეინახავს ბარათს და ძალიან მოუნდება კოცნა. ზოგჯერ, არც ვიცი რატომ, მაგრამ ქალებს გვიყვარს, როდესაც ჩვენი სურვილების საწინააღმდეგოდ იქცევიან და თან ეს ყველაფერი სასაცილოა. შემდეგ, როდესაც ერთად დაბერდებით, გაიხსენებთ ასეთ შემთხვევებს და კიდევ ერთხელ შეძლებთ გაღიმებას.
მაგალითი ნომერი 2: თუ თქვენი ქალი ვერ იტანს, როდესაც კარში შესვლისას გზას არ უთმობთ - არც დაუთმოთ! უფრო მეტიც. მიიყვანეთ ისეთ კართან, რომელიც რთულად იღება. დაე, ეჯაჯგუროს მას, ნერვები მოეშლება, თქვენ გაგეცინებათ, შემდეგ მასაც გაეცინება და ესეც ტკბილ და მხიარულ მოგონებად დაგრჩებათ:)
ხედავთ? მოგონება სულაც არაა აუცილებელი, სპონტანური იყოს. თურმე თავადაც შეგიძლიათ ტკბილი მოგონების წინასწარ დაგეგმვა! ეს რა გენიალური აღმოჩენა გავაკეთე! :) მოგონებები კი მოგეხსენებათ, გრძელვადიანი ურთიერთობის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი აუცილებელი ასპექტია.
მაგალითი ნომერი 3: თუ თქვენი მეუღლე ვერ იტანს, როდესაც ნაგავს არ ყრით... სჯობს არ შეეწინააღმდეგოთ და გადაყაროთ... დამიჯერეთ, ნამდვილად ასე სჯობს. აქ ეს თეორია უძლურია.

4. გაანებივრეთ ქალი!
ერთ ანეკდოტს მოგიყვებით: ქალს ეკითხებიან: რატომ დაშორდით მეუღლეს?
- რელიგიური შეხედულებების გამო... ის არ აღიარებდა, რომ მე ქალღმერთი ვარ.
ჩვენ გვიყვარს, როდესაც გვეთაყვანებიან; გვიყვარს, როდესაც გვაღმერთებენ. ვფიქრობთ, რომ ასეთ დროს ჩვენზე უკეთ არცერთი ქალი გრძნობს თავს. ამ შემთხვევაში შეიძლება მამაკაცი იარაღს შევადაროთ, რომელიც სხვა ქალებთან ომშია საჭირო. დიახ, ეს ძალიან სასტიკი ბრძოლის ველია, ჩემო მეგობრებო. ჩვენ გამუდმებით ვეჯიბრებით ერთმანეთს.
აბა, ვის უფრო მეტად სცეს თაყვანი? აბა, ვის უფრო მეტად დაუფასდა ელემენტარული დათმობა? ეს ცივსისხლიანი, ჩუმი და შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი ომია, რომლის შესახებ არც გაერომ, არც ნატომ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ნასამ არ იცის.
ჩვენ გვიყვარს, როდესაც თქვენით ვტრაბახობთ. გვიყვარს, როდესაც დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ თქვენს ხელისგულებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავდივართ და იმაზე არ გვეფიქრება, რომ შესაძლოა ეს ჩვენი ქუსლები ზოგჯერ თქვენი ხელებისთვის მტკივნეული იყოს. დიახ, ეს მართალია. და არაფერ შუაშია ანგარება ან გამორჩენა. ჩვენ უბრალოდ, "გვევასება", როდესაც სხვა ქალებზე მეტად ვფასდებით. ჰოდა, მოგვანიჭეთ ეს სიამოვნება, თქვენი რა მიდის, გარდა ფულისა და ნერვებისა?
5. და ბოლოს - გიყვარდეთ ქალი მთელი არსებით!
დიახ, ჩვენ ეგოისტები ვართ, საშინელი ხასიათი გვაქვს, აუტანელია ჩვენი "კაპრიზების" შესრულება, ზოგჯერ ვერ გაფასებთ სათანადოდ, შეიძლება ნერვები ელემენტარულზე მოგვეშალოს და ამან თქვენი გრანდიოზული სიკეთეები დაჩრდილოს, შეიძლება არ მოგაქციოთ ისეთივე ყურადღება, როგორსაც თავად ვითხოვთ ან იმსახურებთ, შეიძლება არ მოგვწონდეს თქვენი სამეგობრო, შეიძლება დაგახარჯინოთ მთელი ხელფასი, შეიძლება გადავრთოთ ტელევიზორი ფეხბურთის დროს, ან კიდევ უარესი - საერთოდ გამოვრთოთ ის.
მაგრამ მაინც... შეგვიყვარეთ მთელი არსებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე უარესი შეიძლება თქვენს ცხოვრებაში არასდროს არაფერი მომხდარა...
შეგვიყვარეთ მთელი არსებით და იცხოვრეთ ჩვენთან ერთად დიდხანს და ბედნიერად... მოინდომეთ ჩვენთან ერთად ყოფნა ჭირსა თუ ლხინში...
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას გაიძულებთ.

მასალის გამოყენების პირობები






