ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბარლდებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატის ინფორმაციით, მკვლელობის ადგილზე დაფიქსირებულ ავტომობილს რუსული სანომრე ნიშნები ჰქონდა.
მოდებაძის თქმით, ეს და სხვა გარემოებები ადასტურებს, რომ მახარაძე ოქროპირიძეს არ მოუკლავს.
„მკვლელობის ადგილზე უამრავი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. ამის მიუხედავად საქმეში არ არსებობს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის ადგილზე ოქროპირიძე არ იმყოფებოდა. რაც შეეხება ვლადიმერ ბერძენიშვილის ჩვენებას, მან დღეს ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა. ბერძენიშვილმა ახალი დეტალები გაახმოვანა. მან თქვა, ოქროპირიძემ მახარაძეს იმიტომ ესროლა, რომ რაღაცეები იტლიკინა მახარაძემ. ეს ყველაფერი საეჭვო გარემოებას ქმნის“, - აცხადებს მოდებაძე.
ლაშა მახარაძის საქმეში ბრალდებულმა ლევან ბერძენიშვილმა (ბერძენა) გასული წლის სექტემბერში მომხდარი ფაქტი სასამართლო ჩვენების დროს გაიხსენა და დაადასტურა, რომ ლაშა მახარაძეს გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ბერძენიშვილის თქმით, მკვლელობის დღეს საკუთარი მანქანით „ოქრიკასთან“ ერთად რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა, საღამოს კი ლაშა მახარაძე ნახეს.
შეგახსენებთ, ვაკეში მკვლელობა გასულ წელს, აბაშიძის ქუჩაზე, 2 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ოქროპირიძე რამდენიმე დღეში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






