სოსო რობაქიძის თქმით გურამ დონაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ გამოძიების მასალებში არაა მითითებული რომ ბუტა რობაქიძეს იაღარი ჰქონდა.
სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა მისი შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული პატრულის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ მიცემული ჩვენების ასლი, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბრით, სპეცოპერაციის მეორე დღით არის დათარიღებული. სოსო რობაქიძის თქმით, სწორედ ამით დასტურდება, რომ გამოძიების მასალებში მითითებულია, რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი ჰქონდა - ეს ჩვენება კი, როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, ბაშალეიშვილმა დონაძის კარნახით დაწერა.
"ჩემს მანქანაში ვიჯექი, მძღოლის გვერდით, გადმოსვლისთანავე შემოვუარე ჩემს მანქანას და წავედი იმ ავტომანქანის მარცხენა წინა კარის მიმართულებით. მე დავინახე, რომ იმ ავტომანქანის მძღოლი გადმოსული იყო მანქანიდან. მძღოლის კარებთან, როდესაც მე ვუახლოვდებოდი მძღოლს, იმ დროს იმ მანქანის უკანა მარჯვენა კარებიდან გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ჩვენი მისამართით გახსნა ცეცხლი. მან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა ორი გასროლა. ამის შემდეგ, მომენტალურად მისი მიმართულებით, დამიზნებით ვისროლე ჩემი ტაბელური იარაღიდან. გასროლის შემდეგ, ტყვია მოხვდა იმ ბიჭს გულმკერდის არეში. ტყვიის მოხვედრის შემდეგ, ხელიდან გაუვარდა იარაღი და თვითონ ზურგით დაეცა ძირს", - აღნიშნულია ჩვენებაში.
სოსო რობაქიძემ მედიის წარმომადგენლებს ვიდეოჩანაწერი გადასცა, სადაც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ასევე ბრალდებული ზურაბ მიქაძე აცხადებს, რომ "ლიკვიდირებულია ბანდიტი".
ამასთანავე სოსო რობაქიძე განცხადებით დონაძე 11 წლის შემდეგ, პირველად სიმართლეს ამბობს, იმასთან დაკავშირებით რომ რობაქიძეს იარაღი არ ქონია. სოსო რობაქიძის ვარაუდით, შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს, რომ დონაძემ სასჯელის შემსუბუქების იმედით პროკურატურასთან თანამშრომლობა დაიწყო, ან ბრალდებულებს შორის შიდა დაპირისპირებაა.
შეგახსენებთ, გუშინ ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ამ საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი არ ქონია:
„მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწმეები აცხადებდნენ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძეს ედო იარაღი. დღეს დავსვი სასამართლო სხდომაზე საკითხი - სად დევს ეს საქმეში? საქმეში არც წინა და არც ახლანდელ გამოძიებაში არსად არ წერია, რომ რობაქიძეს ედო იარაღი გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების შემდეგ. ძალიან გთხოვთ, რომ საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ უთხარით სიმართლე თქვენ მაინც, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძეს იარაღი არ ჰქონია. ამას მეც ვადასტურებ. ამირან რობაქიძეზე ვამბობ, სხვაზე არაფერს ვამბობ. ამას სასამართლო და გამოკვლევები დაადგენს - ვის რა ჰქონდა,“ - განაცხადა გურამ დონაძემ და აღნიშნა , რომ ძალიან უნდა ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე დროულად გაირკვეს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






