მას აღწერენ და ხოტბას ასხამენ პოეზიასა და პროზაში, გამოსახავენ ფერწერულ ტილოებზე, ძერწავენ და აქანდაკებენ სკულპტორები, მას ეტრფიან და ეთაყვანებიან, ადარებენ გიტარასა და ქვიშის საათს, იგონებენ ათასგვარ ეპითეტსა და შედარებას და რისთვის? იმისათვის, რომ ათასგზის და მრავალგზის დატკბნენ ამ სინატიფის ცქერით.
არადა, თუ შენიშნეთ, განგებ ვახსენე ქალის მშვენიერი სხეულის ეპითეტად გიტარა და ქვიშის საათი. თუ კარგად დააკვირდებით ამ ნივთების ფორმას, მიხვდებით, თუ რა იზიდავს და ნუსხავს ჩვენში, უკვე საუკუნეებია, კაცობრიობის ძლიერ ნაწილს (და არა მარტო მათ)- ეს არის ქალის სხეულისათვის ასე დამახასიათებელი წვრილი წელი და ცოტათი განიერი, მრგვალი ფორმის თეძოები.
ვიღაც შემეკამათება, რაღა დროს მრგვალი ფორმები და სრული ქალებია, ეს წინა საუკუნის თემააო, მაგრამ თუ დამიჯერებთ, მამაკაცური გენეტიკა და გემოვნება როგორიც იყო დასაბამიდან, ისეთია დღესაც, რადგან უმრავლესობა მყარად დგას იმ აზრზე, რომ მათი ოცნების ქალს ფაფუკი და მომრგვალებული ფორმები (ნორმის ფარგლებში, რაღა თქმა უნდა) უნდა ამშვენებდეს.
თავად ქვეცნობიერი კარნახობს მამაკაცს, თუ როგორი ქალი უნდა აირჩიოს თანამგზავრად, რადგან სქესთა შორის ურთიერთლტოლვა სხვა არაფერია, თუ არა კაცობრიობის გამრავლების ინსტინქტი. სწორედ ეს ინსტინქტი კარნახობს მამრს აირჩიოს ისეთი მდედრი, რომელიც ჯანსაღ და გონიერ თაობას მოუვლენს. ქალის შვილოსნობის უნარი კი, როგორც მეცნიერულად დამტკიცდა, დიდადაა დამოკიდებული მისი სხეულის ფორმებსა და ამ სხეულის პიკანტურ ნაწილებში გადანაწილებულ იმ ცხიმებზე, რომლებიც ჩვენ, გოგონებო, ასე სასტიკად გვძულს და ერთი სული გვაქვს, მოვიშოროთ.
ამას წინათ ვკითხულობდი, რომ საშუალო მასის მქონე ქალბატონის სხეულში არსებული ცხიმი რამდენიმე პროცენტით აღემატება ძუძუმწოვარი მდედრი ცხოველების სხეულში დაგროვილ ცხიმებს. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სხეულის მასის ინდექსის ცხიმების პროცენტულ მაჩვენებელთან შეპირისპირებით გადაანგარიშდება და პირდაპირი მნიშვნელობით არ იგულისხმება, რომ დედამიწაზე ყველაზე მსუქანი არსებები ვართ.
მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, ქალის სხეულის ქვედა ნაწილში, კერძოდ კი, თეძოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილებული ცხიმი, რომელიც ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გროვდება ჩვენში, ინახავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია როგორც მათი მატარებელი ორგანიზმისათვის, ასევე მისი მომავალი შვილისათვის. საუბარია ე.წ. ადამიანის ტვინის საშენ მასალად წოდებულ "ომეგა 3"-ზე, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს, მაგრამ სამაგიეროდ, იღებს სხვადასხვა საკვებიდან. ეს მნიშვნელოვანი ელემენტი წლების განმავლობაში გროვდება ჩვენს ორგანიზმში და ინახება შვილოსნობის პერიოდისათვის.
ბავშვის ტვინის ფორმირებისათვის აუცილებელი "ომეგა 3" ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში გადაეცემა დედის ორგანიზმიდან ჩანასახს, ხოლო 0-დან 2-წლამდე, რაც ბავშვის გონებრივი განვითარების ყველაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ფაზაა, მიეწოდება დედის რძესთან ერთად.
ეს ყველაფერი მართლაც რთული აღსაქმელია და ალბათ, უფრო რთული იმის გაგებაა, საიდან და როგორ უნდა იცოდეს ეს მამაკაცმა, მაგრამ თუკი საკითხს უფრო მარტივად მივუდგებით, მივხვდებით, რომ ეს საიდუმლო ცოდნა მათ ქვეცნობიერში დევს და ისე ამოძრავებს მათ ბუნებრივ ინსტინქტებს, რომ ამას თავადაც ვერ ხვდებიან. უბრალოდ, თვალით აღიქვამენ მათთვის სასურველ ქალს და ინსტინქტურად ხვდებიან, რომ ეს ქალი მათ ჯანმრთელ და ძლიერ თაობას მოუვლენს. ასეთ ქალზე კი უარს ვერასდროს და არაფრისდიდებით იტყვიან.
როგორც უნდა შემეწინააღმდეგოთ გოგონები, მე მაინც გეტყვით, რომ ჩვენი სილამაზისა და მომხიბვლელობის საიდუმლო ჩვენს ბუნებრივობასა და ქალურ ფორმებშია. აქ ყველაფერი მარტივადაა, ბიჭებს ისეთები მოვწონვართ, როგორებიც ვართ და არა პრიალა ჟურნალის გარეკანიდან გადმოსული თოჯინები. არადა, რომ დავუფიქრდეთ, ძალიან სასაცილოა, როდესაც მათ ჩვენი მრგვალი ფორმები იზიდავთ, ჩვენ კი მათ მოსაშორებლად ლიპოსაქციაზე გავრბივართ, მერე კი ვჩივით, ამდენს ვშრომობთ და ყურადღებას არ გვაქცევენო.

მასალის გამოყენების პირობები






