ინგლისელმა ისტორიკოსმა რობერტ ჰენდერსონმა რუსეთის სახელმწიფო არქივში იპოვა ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია რევოლუციონერი ქალი აპოლინარია იაკუბოვა, რომელიც ვლადიმერ ულიანოვ-ლენინის ჭეშმარიტ სიყვარულად ითვლება.
აპოლინარია იაკუბოვა მღვდლის ქალიშვილი იყო. მან სანკტ-პეტერბურგის ქალთა უმაღლესი სასწავლებლის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ მუშათა საღამოს სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ დროს გაიცნო და დაუმეგობრდა ლენინის მეუღლეს ნადეჟდა კრუპსკაიას. იაკუბოვა და მისი მეუღლე ლენინისა და კრუპსკაიას თანამებრძოლები გახდნენ.
იაკუბოვა, ისევე როგორც ლენინი, 1901 წელს ციმბირში გადაასახლეს, მაგრამ იგი გაიქცა გადასახლებიდან და ლონდონში დასახლდა. 1902-1911 წლებში მას აქტიური მიმოწერა ჰქონდა ლენინთან, რომელიც მას წერილებში „ლიროჩკა“ იხსენიებს.
ამ წერილებიდან ჩანს, რომ გარკვეული დროიდან ნადეჟდა კრუპსკაია უკვე ეჭვიანობს და ცუდ ურთიერთობაშია იაკუბოვასთნ. საქმე იქამდე მივიდა, რომ იგი იაკუბოვას რუსეთში დაბრუნების წინააღმდეგი იყო.
ზოგიერთი ისტორიკოსი აცხადებს, რომ ლენინმა იაკუბოვას დაქორწინებაც კი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
1908 წელს აპოლინარია იაკუბოვა სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ 1912 წლიდან მისი კვალი ფაქტიურად იკარგება. დაუდგენელია მისი სიკვდილის თარიღიც კი - ისტორიკოსები აცხადებენ, რომ იგი 1913-17 წლების პერიოდში გარდაიცვალა, თუმცა მიზეზი მათთვის უცნობია.
რა თქმა უნდა, აპოლინარია იაკუბოვას შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია, რადგან საბჭოთა ისტორიკოსების ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა ლენინ-კრუპსკაია-იაკუბოვას სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავება, რაზედაც ნადეჟდა კრუპსკაიაც იზრუნებდა.
მასალის გამოყენების პირობები






