საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი “ეარბას A320"-ის თვითმფრინავის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა.
გამოცემა „ბილდის“ საგამოძიებო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ლაინერის გამიზნულად ჩამოგდებაში ეჭვმიტანილმა პილოტმა, ანდრეას ლუბიცმა ფრენისას სიმაღლის შემცირირების მანევრი, სხვა რეისის შესრულებისასაც განახორციელა.
"ბილდის" ცნობით, მანევრის შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენდა და სავარაუდოდ, პილოტმა კატასტროფამდე ერთგვარი „რეპეტიცია“ გაიარა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია „ლუფთანზას“ შვილობილი კომპანიის "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა 24 მარტს განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
გამოძიება, დამხმარე პილოტის, ანდრეას ლუბიცის ბრალეულობაზე, პირველი შავი ყუთის გაშფვრის შემდეგ ალაპარაკდა.
აუდიოჩანაწერები აჩვენებს, რომ კაბინაში მყოფმა ლუბიცმა იქ შესასვლელი პაროლი შეცვალა, დაშვების ინიცირება მოაწყო და ავტოპილოტის პარამეტრები შეცვალა, რათა თვითმფრინავის სიჩქარე გაეზარდა. ჩანაწერების მიხედვით, კაბინიდან გასულმა პილოტმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. პილოტი კარებზე ჯერ მშვიდად აკაკუნებს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერად უტყამს, თუმცა შიგნიდან პასუხი არ ისმის. გარდა ამისა, ჩანაწერებზე პილოტის სუნთქვა და გაფრთხილების ხმა ისმის, რომელიც მიწასთან სიახლოვეს მიუთითებს.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ანდრეას ლუბიცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ძლიერი დეპრესიით იტანჯებოდა და 6 წლის წინ ფსიქიატრთანაც მკურნალობდა.
ლუბიცის ყოფილი საცოლის განცხადებით კი, მას ისტორიაში შესვლა და ისეთი რამის გაკეთება სურდა, რომ ყველას დამახსოვრებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუფთანზაში“ იცოდნენ, რომ „ეარბასA320-ის“ გამიზნულად ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პილოტი, ანდრეას ლუბიცი რამდენიმე წლის წინ დეპრესიით იტანჯებოდა. ხოლო თავად ლუბიცი ექიმებს უმალავდა, რომ პილოტობას განაგრძობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუბიცი ავიაკატასტროფამდე, ინტერნეტში თვითმკვლელობისა და კაბინის კარის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა.
გამოძიება, ანდრეას ლუბიცის ქმედების მიზეზის დადგენაზე ამ დრომდე მუშაობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






