სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი სომეხ კოლეგას, გალუსტ სააკიანს ე.წ. მთიანი ყარაბახის რესპუბლიკაში შეხვდა.
ოსური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებები, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს დაღუპული სომხების თემასაც შეეხო. ბიბილოვის თქმით, მას კარგად ესმის სომხების გულისტკივილი და იზიარებს ამ ტრაგედიას, რადგან სამხრეთ ოსეთი თავად გახდა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი საქართველოს მხრიდან.
ბიბილოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სომხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ისინი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ და სომხურ-ოსურ ურთიერთობასაც დიდი ისტორია აქვს.
„ქართული აგრესიის დროს სომხები ოსეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენს გვერდით იბროდნენ“ - ნათქვამია განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში, მთიანი ყარაბახის ე.წ. რესპუბლიკაში 3 მაისს დაგეგმილ არჩევნებში სომეხი დამკვირვებლების მონაწილეობის საკითხიც განიხილეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






