სოფელ იორმუღანლოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმე პროკურატურას ამ დრომდე არ აქვს გამოძიებული. გარდაცვლილის მეუღლე სამი თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, ვინც ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ჩამოატარეს და ცემეს. პროკურატურამ არცერთი მამაკაცი არ დააკავა, რის შემდეგაც გარდაცვლილის მეუღლემ აჯი გასანოვმა ერთ–ერთს, აფკან გუსეინოვს იარაღი ესროლა.
ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა. გარდაცვლილის მამის ზახიდ ჯეირანოვის თქმით, მისი შვილი თვითმკვლელობამდე სასტიკად ცემეს მეუღლის ნათესავებმა იმ მიზეზით, რომ თითქოს ის ქმარს ღალატობდა.
„მე როგორც გავიგე, 16 სექტემბერს, ჩემი შვილი ჩვენივე სოფელში მანქანაში ჩაუჯდა სოფელ კაზლარში მცხოვრებ აზალხან ისმაილოვს და ისინი წასულან სოფელ ბადიაურისკენ. მანქანას თურმე უკან გაჰყვა უკან სიძის ნათესავი სხვა ბიჭებთან ერთად. აზალხან ისმაილოვმა როცა შეამჩნია, რომ მანქანით მიყვებოდნენ, გაუჩერებია მანქანა და გაქცეულა. ამ პირებს კი წამოუყვანიათ ჩემი შვილი, უცემიათ სასტიკად, ფეხები და ტანი სულ გაშავებული ჰქონდა. წაუყვანიათ სოფლის ცენტრში, იქ შეუკრებიათ მოსახლეობა და გამოუცხადებიათ, რომ ჩემი შვილი იყო უნამუსო და უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და აფურთხებდნენ მას“, – ამბობს ზახიდ ჯეირანოვი.
ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გვიან გახმაურდა. 10 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში, გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, აჯი გასანოვმა განაცხადა: „მე მთაში ვიყავი, ცხვარში. ცოლმა დამირეკა, ჩვენმა ნათესავებმა დამიჭირეს და შარი მომდეს, ქუჩაში მატარეს და მცემესო. რომ მოვედი, უკვე მკვდარი იყო. ცოცხალი არ მინახავს. ჩემი ცოლი მათ ქუჩა – ქუჩა არ უნდა ეტარებინათ. ამის გამო მერე თავი მოიკლა“.
გარდაცვლილის მეუღლემ იმ ოთხი პირის ვინაობაც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ჯგუფურად ხანუმ ჯეირანოვას დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ესენი არიან: სოფელ ლამბალოში მცხოვრები აივაზ გასანოვი, ნოვრუზ გასანოვი, ელჩინ დეიხანოვი და აფკან გუსეინოვი.
ვრცლად მასალა იხილეთ: კახეთის საინფორმაციო ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები






