ნეპალის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6 000-ს უახლოვდება.
ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია 5 500 ადამიანი.
სამაშველო სამსახურის შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ნანგრევებში კვლავ უამრავი ადამიანი რჩება, რაც სამწუხაროდ მსხვერპლის გაზრდის ვარაუდს ამყარებს. მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმის გამო მაშველებს სამძებრო ოპერაციის შეწყვეტა მოუწიათ, დილით კი კვლავ განაგრძეს.
შეგახსენებთ, ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს დილით მოხდა. განმეორებითი 6.7 ბალი კი კვირას დაფიქსირდა. ბოლო 80 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა სამხრეთ აზიაში არ დაფიქსირებულა.
ქვეყანაში უწყვეტად შედის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საჰაერო გზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აგზავნიან. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად უცხოელი პროფესიონალები უკვე ნეპალში იმყოფებიან. მიწისძვრით დაზარალებული რაიონების დასახმარებლად გაერომ 15 მილიონი დოლარი გამოყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეპალში ჰუმანიტარული კრიზისია. მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობა საკვებისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ისინი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, მხოლოდ ცენტრალური რაიონების დახმარებაში სდებენ ბრალს და დახმარებას ითხოვენ.
ერთერთი სოფლის მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს გზა გადაუკეტა და ჰუმანიტარული დახმარება ჩამოტვირთა.
ნეპალის პრემიერ მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ ნანგრევებში კვლავ უამრავი ადამიანი რჩება, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა 10 000-მდე გაიზარდოს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






