რუსეთის საპატიმროში მყოფი უკრაინელი პილოტი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვის მე-20 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის სავჩენკოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შიმშილობა შეწყვიტა და ჭამა დაიწყო.
სავჩენკოს საავადმყოფოში გადაყვანა მისმა ადვოკატმაც დააანონსა. თუმცა, მარკ ფეიგინის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, უარს ამბობს ყველანაირ საკვებზე, სვამს მხოლოდ წყალს, რის გამოც ერთ კვირაში მან 8 კილოგრამი მოიკლო და 50 კილოგრამზე ნაკლებს იწონის.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, სავჩენკო კვლავ რუსეთის საპატიმროში იმყოფება.
2014 წლის 13 დეკემბერს, სავჩენკომ გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, 5 მარტს შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა 10 დღის შემდეგ კვლავ განაგრძო და დღემდე შიმშილობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






