ნეპალში შესაძლოა მიწისძვრა განმეორდეს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის სეისმოლოგთა განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ მომავალ კვირას 14-მდე ძლიერი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდეს. გარდა ამისა, მცირე ბიძგები მომდევნო თვეების განმავლობაშიც მოსალოდნელია.
ნეპალის მიწისძვრამ, გავლენა მთათა სისტემებზეც იქონია. მეცნიერთა თქმით, მიწისძვრამ ჰიმალაის მნიშვნელოვანი ნაწილი ევრაზიისა და ინდურ ტექტონიკური ფილებისკენ გადაიხარა, რომლებიც ერთმანეთის მიმართულებით წელიწადში 40-50 მმ-ით გადაადგილდებიან.
შეგახსენებთ, შაბათს ადგილობრივი დროით 11:56 საათზე, ნეპალში დამანგრეველი 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა 3700-ზე მეტი, ხოლო დაშავდა 6944 ადამიანი. ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთსა და ჩინეთში, სადაც დაიღუპა 60, ხოლო დაშავდა 250-ზე მეტი ადამიანი.
მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ზვავმა ალპინისტების საბაზო ბანაკი მოიყოლა. რის შედეგადაც დაიღუპა 65, ხოლო დაშავდა 60-მდე ალპინისტი. დაღუპულთა შორის ერთერთი კომპანია Google-ის ტოპ-მენეჯერი, დანიელ ფრედინბურგია.
სამაშველო ოპერაციების ცენტრის განცხადებით, სავარაუდოდ, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






