შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით კრიმინალის დონე შემცირდა. მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, დანაშაულის კლების პროცენტული მაჩვენებელი 15 პროცენტია.
"ჩვენ შევადარეთ 2014 წლის პირველი კვარტალი 2015 წლის პირველ კვარტალს და კონკრეტულ ციფრს გეტყვით, რომ დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი არის 52%, ხოლო დანაშაულის კლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 15 პროცენტს“, - განაცხადა იზორიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით.
2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 8970 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 4697 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.36%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -15.24%.
მასალის გამოყენების პირობები






