გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
საქმე საგამოძიებო სამსახურის მიერ „საქართველოს დეოკუპაციის ცენტრში“ ამოღებული დოკუმენტაციის შედეგად აღიძრა.
,,საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ აღნიშნული ცენტრის ოფისიდან ამოღებული იქნა ფინანსური დოკუმენტაცია. საქმეზე გამოძიება 2013 წლის 23 იანვარს დაიწყო. გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2012 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროდან პროექტის ,,საქართველო ოკუპანტების გარეშე’’ ორგანიზების მიზნით ,,საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს’’ 350 000 ლარი ჩაერიცხა, ამავე პროექტის ფარგლებში ცენტრისათვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო’’. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების გასხვისებას კრძალავს. დეოკუპაციის ცენტრის დირექტორის გია თორთლაძის მიერ კანონის აღნიშნული მოთხოვნა იგნორირებული იქნა და ავტომანქანა ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო’’ 2013 წლის 4 იანვარს 50 000 აშშ დოლარად გაასხვისა. თანხა კი პირადი მიზნებისთვის მოიხმარა’’, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისიწინებს.
გია თორთლაძის განცახდებით, ის ბრალდებები რასაც მას უყენებენ სიცრუეა.
,,მინდა, საზოგადოებას ვაჩვენო ორი რამ – მთავრობის მიერ დაწერილი განკარგულება და ასევე კულტურის სამინისტროს მიერ დაწერილი განკარგულება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს დეოუკუპაციის ცენტრს უსასყიდლოდ და უვადოდ საჩუქრად გადმოეცა მანქანა მათ შორის, ამიტომ, როცა საუბრობენ, რომ მე სახელმწიფო ქონება გავყიდე, ეს არის ტყუილი. მე ვარ ამ ცენტრის დირექტორი, ჩემი დაფუძნებულია და ბუნებრივია, ეს ქონება ცენტის იყო და რადგან ცენტრს ედავებოდნენ თანხას, გავყიდეთ მანქანა და ყველანაირი ვალი დავფარეთ’’, - აღნუშნა თორთლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურში კულტურის სამინისტროდან დეოკუპაციის ცენტრისათვის გადარიცხული თანხების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






