სააგენტო „როიტერი“ საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო უფასო პროგრამაზე წერს. გამოცემის თანახმად, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი ცდილობს, მსოფლიო მთავრობები და საერთაშორისო სააგენტოები დაარწმუნოს, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრა საქართველოში სადემონსტრაციო პროექტით არის შესაძლებელი, რომლის ფარგლებშიც უფასო პრეპარატებს შესთავაზებს მათ, ვისაც ეს სჭირდებათ.
სტატიის თანახმად, უპრეცედენტო პროგრამის ფარგლებში, კავკასიის რეგიონის ეს ქვეყანა საცდელი ადგილი გახდება, სადაც დაავადებასთან საბრძოლველად ეფექტურ, თუმცა ძვირადღირებულ აბებს - "სოვალდის" და შედარებით ახალ პრეპარატ "ჰარვონის" გამოიყენებენ.
C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვის მიხედვით, ეგვიპტისა და მონღოლეთის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა,
„შეფასების გასაკეთებლად ეს ძალიან კარგი ქვეყანაა. საქართველოში მიღებულ გამოცდილებას მსოფლიოს მასშტაბით გამოვიყენებთ“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, გრეგ ალტონმა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2015 წელი С ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა.
პროექტის მიზანი არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. რაც პირველ რიგში დაავადების პრევენციას, დაავადებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.
საქართველოში მედიკამენტების პირველი პარტია კვირის ბოლოს შემოვა, პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება".
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






