რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით 2008 წლის აგვისტოს ომზე გავლენა, ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა იქონია. მისი თქმით, ანგელა მერკელის, ნიკოლა სარკოზისა და ნატო-ს ლიდერების მიერ მიღებულმა დოკუმენტმა, რომელშიც ეწერა - „საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“, სააკაშვილი "ჭკუიდან შეშალა."
„სააკაშვილი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა და გადაწყვიტა, რომ მას ყველაფერი შეუძლია. მითუმეტეს რომ რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ეს ყველაფერი დაიწყებოდა, თბილისში კონდოლიზა რაისი იმყოფებოდა. მე შევეკითხე მას რაზე ილაპარაკეს თბილისში და მან მითხრა, რომ სააკაშვილს პოლიტიკური ვითარების დარეგულირებისკენ მოუწოდა" - განაცხადა ლავროვმა 3 რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს, ვლადიმერ პუტინი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშიც ესწრებოდა.
„როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, პუტინი ბუშთან მივიდა და უთხრა, რომ ინფორმაცია მიიღო, სააკაშილი ცხინვალსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას დაესხა თავს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ბუში ცოტათი დაიბნა და თქვა „უი, რა ცუდია“. ეს არის ამ საქმის რეალური სურათი. - განაცხადა ლავროვმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






