2015 წლის 16 აპრილს IDFI-იმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2013-2014წლებში საქართველოში ჩატარებული აბორტების რაოდენობის შესახებ. განვლილ წლებში იმავე სამინისტროდან მიღებული ანალოგიური შინაარსის მაჩვენებლები საშუალებას გვაძლევს წარმოგიდგინოთ 2004-2014 წლებში საქართველოში ორსულობის შეწყვეტის ფაქტების ტენდენციები.
2013 წელს ჩვენს მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ - "აბორტების სტატისტიკა საქართველოში 2004-2012", ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში 2012 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნებოდა აბორტების რაოდენობის მატების მზარდი ტენდენცია და 2012 წელს ოფიციალურად ორსულობის შეწყვეტის 39 225 ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, მომდევნო წლებში გარკვეულწილად აბორტების კლებადი ტენდენცია ფიქსირდება. 2013 წელს იგი 36 537 შემთხვევამდე შემცირდა, ხოლო 2014 წელს წინასწარი მონაცემებით 31 908 შემთხვევა არის დაფიქსირებული.
2013 წელს 15 წლამდე მოზარდებში აბორტის 32 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის 8 ხელოვნური), ხოლო 2014 წელს წინასწარი მონაცემებით 17 შემთხვევა (მათ შორის 9 ხელოვნური).
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შეინიშნება ხელოვნური აბორტების მაჩვენებლის კლებადი ტენდენცია, 2014 წელს, წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირებული ოფიციალური რაოდენობა - 26 013 (2014 წლის საბოოლოო მაჩვენებელი სავარაუდოდ გარკვეულწილად გაიზრდება) კვლავ თვალშისაცემია. მაგალითად, თუ შევადარებთ 2014 წელს ხელოვნურად ჩატარებული აბორტების ოფიციალურ მაჩვენებელს, იმავე წელს დაბადებულთა რაოდენობას (60 635) ვნახავთ, რომ დაახლოებით ყოველი მესამე ორსულობა ხელოვნური ჩარევით შეწყდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები შეიცავს მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ მაჩვენებელს და სავარაუდოდ, არარეგისტრირებული აბორტების გათვალისწინებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია .
2013-2014 წლებში ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, სპეციალობაში „მეანობა გინეკოლოგია“, დაისვა 6 შემთხვევაში, რომელთაგან ყველაზე დიდ სანქციას წარმოადგენდა 6 თვის ვადით სერთიფიკატის შეჩერება.
მასალის გამოყენების პირობები