ევროკავშირის ქვეყნების საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა , მიგრანტების დაღუპვასთან დაკავშირებით ხმელთაშუა ზღვაში შექმნილი კატასტროფული ვითარება განიხილეს და კრიზისის მოსაგვარებლად კონკრეტული პაკეტი შეიმუშავეს.
ევროკავშირი, ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაცია “ტრიტონისა“ და „პოსეიდონისთვის“ დამატებით დაფინანსებას გამოყოფს.
ასევე, მიგრანტების მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნები ერთობლივად გაინიხლება და დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე განაწილდებიან. სამშობლოში დაბრუნების მსურველებს კი, შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული კვირის განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, ამ წელს ერთერთი ყველაზე დიდი ტრაგედია რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
გაერო-ს მონაცემებით, საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 1.600-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






