გერმანიის ბუნდესტაგის ქრისტიანული პარტიების ალიანსი და სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ქვეყნის მმართველი კოალიციაა, 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას აპირებს.
ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს.
გამოცემის თანახმად, ორშაბათს, პარტიის ლიდერები რეზოლუციის პროექტზე შეთანხმდნენ, რომელსაც 24 აპრილს მიიღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქციების წევრები შესაბამის ტექსტში სიტყვა „გენოციდის“ შესატანად კენჭისყრას 21 აპრილს გამართავენ.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის განცხადებით, მთავრობა ამ ფორმულირებას მხარს უჭერს.
აღსანიშნავია, აღნიშნულ საკითხზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც ისაუბრა. მისი თქმით, 1915 წლის მოვლენები შესაძლოა „გენოციდად კვალიფიცირდეს.“
შეგახსენებთ, 15 აპრილს, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ოსმალეთის იმპერიის დროს 1.5 მილიონი სომეხის მკვლელობას გენოციდი უწოდა და თურქეთს ამის აღიარებისკენ მოუწოდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






