სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში ამ წუთებში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ განაცხადა, აბულაძე ჩვენებაში განმარტავს, თუ სად იმყოფებოდა ის შემთხვევის დროს.
დამატებითი დეტალები დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი.
„გამოძიება ბორჯომის ეპიზოდზე ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს შემთხვევა იმ დროს მოხდა როდესაც პოლიციელები პატრულირებას ახორციელებდნენ. როგორც საქმის მასალებშია მითითებული, პოლიციის თანამშრომლები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ერთ-ერთი სპორტულ ფორმაში იმყოფებდა. არა მგონია, რომ პოლიციამ პატრულირება სპორტულებით დაიწყო“, - ამბობს აბულაძის ადვოკატი.
შეგახსენებთ, პროკურატურა დანაშაულის სხვადასხვა მოტივებზე მუშაობს. ბორჯომში პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ერთ-ერთ ვერსიად პროკურორი „იმედის კვირასთან“ საუბრისას უკანონი იარაღს ასახელებს, რომელსაც აბულაძეს ჩხრეკის შემთხვევაში აღმოუჩენდნენ, თბილისში კი ძებნილის სტატუსს. როგორც პროკურორი განმარტავს, მოწმეთა ჩვენებების გარდა აბულაძის ბრალეულობას შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დნმ-ის კვალიც ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






