ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირმა არალეგალი მიგრანტების დასახმარებლად და მორიგი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს.
„ის რაც იტალიის სანაპიროებთან მოხდა და რაც ყოველდღიურად ხდება სამხრეთ ევროპის საზღვრებზე, მიუღებელია კავშირისთვის, რომელიც სოლიდარობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების დაცვის პრინციპებზეა დაფუძნებული. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, თუმცა უნდა დავიცვათ ქვეყნების საზღვრები და ვებრძოლოთ ტრეფიკინგს“ - განაცხადა ევროკომისარმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემმა კატასტროფა განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 700-მდე ადამიანიდან, მაშველებმა მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოახერხეს.
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები ხშირია, მაშინ როდესაც ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ნავით გადასვლას ცდილობენ. გასული კვირის განმავლობაში, იტალიის სანაპიროებთან არალეგალების გემების კატასტროფის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ათიათასობით ადამიანი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ომსა და კონფლიქტებს გაექცა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






