პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბრალდებას უარყოფს და განმარტავს, რომ ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია.
აბულაძის თქმით, იგი ციხეში მამუკა ხაზარაძის დაკვეთით ჩასვეს.
„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართულმა მხარემ აზერბაიჯანში გადასვლაზე უარი განმიცხადა მაქვს ეჭვი, რომ ჩემი დისკრედიტაციისა და სამუდამო დაძინების მცდელობა იმართებოდა და იმართება ხაზარაძის მხრიდან. გამოძიებას ვთხოვ გამოიძიოს გლოკის სისტემის პირსტოლეტის წარმომავლობა. დაიკითხოს ხაზარაძე და განმარტოს თუ რა კავშირშია ბორჯომის პოლიციასთან. ქონების ჩაგდების მიზნით რატომ გაარემონტა თიბისი ბანკმა ბორჯომის პოლიციის შენობა“, - ნათქვამია წერილში, რომელიც აბულაძემ „იმედის კვირას“ მიწერა.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი აბულაძის განცხადებაში ლოგიკას ვერ ხედავს.
„ეს არის მცდელობა, რომ ხაზარაძე საქმეში მხარედ ჩართონ.ეს არის მცდელობა, რომ ის თავდაცვით პოზაში გადაიყვანონ“, - ამბობს ზვიად კორძაძე.
პროკურატურა კი დანაშაულის სხვადასხვა მოტივებზე მუშაობს. ბორჯომში პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ერთ-ერთ ვერსიად პროკურორი უკანონი იარაღს ასახელებს, რომელსაც აბულაძეს ჩხრეკის შემთხვევაში აღმოუჩენდნენ, თბილისში კი ძებნილის სტატუსს. როგორც პროკურორი განმარტავს, მოწმეთა ჩვენებების გარდა აბულაძის ბრალეულობას შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დნმ-ის კვალიც ადასტურებს.
„იმედის კვირასთან“ საუბარში კონფიდენციალური წყარო მრავალჯერ ნასამართლევ რეზო ნამგალაძეს, მეტსახელად „ჭინტორას“ და შალვა აბულაძის კრიმინალურ გარჩევებს უკავშირებს. ციხიდან გამოსული „ჭინტორა“, რომლის ბავშვის ნათლია შალვა აბულაძეა, მიდის აბულაძის სახლთან და ემუქრება, რის შემდეგაც „ჭინტორას“ სახლს ცხრილავენ. სახლის დაცხრილვაზე ბორჯომის პოლიციაში საჩივარი „ჭინტორას“ დას შექვს, თუმცა იქ სავარაუდო დამნაშავე დასახელებული არ არის. ამ ვერსიის მიხედვით აბულაძემ ივარაუდა, რომ პოლიციელებმა დაცხრილვის ფაქტზე გააჩერეს.
შეგახსენებთ, შალვა აბულაძე ორი კვირის წინ ბორჯომში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იქნა დაკავებული. მას ბრალად პოლიციელების მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა ედება ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






