ბილ და დენიზ რიჩარდსების 8 წლის შვილი მარტინი, ერთ-ერთი იყო იმ სამი დაღუპული ადამიანიდან, რომლებიც ჩეჩნური წარმოშობის ძმები ცარნაევების მიერ მოწყობილ ტერაქტს ემსხვერპლნენ.
რიჩარდსების ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასიკვდილო განაჩენის გამოტანამ შეიძლება გამოიწვიოს გაჭიანურებული სააპელაციო განხილვები, რაც მათ ტანჯვას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.
გასულ კვირას სასამართლომ ჯოხარ ცარნაევი დამნაშავედ სცნო, მომავალ სამშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე კი მისი სასჯელის სახე განისაზღვრება.
რიჩარდსების ოჯახის განცხადებით სიკვდილის დასჯის ნაცვლად, ისინი მხარს სამუდამო პატიმრობას დაუჭერენ გასაჩივრების და გათავისუფლების უფლების გარეშე.
დაღუპული 8 წლის ბიჭის მშობლები ბოსტონის მარათონის ტერაქტისას თავადაც დაიჭრნენ, მათმა მეორე შვილმა, 7 წლის გოგონამ კი აფეთქების შედეგად ფეხები დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ რიჩარდსები თავის განცხადებაში არცერთხელ არ იხსენიებენ ცარნაევს სახელით და იყენებენ ტერმინს „ბრალდებული“.
მათ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ბოსტონის პროკურორმა კარმენ ორტიზმაც გააკეთა. მისი თქმით ის დიდ პატივს სცემს რიჩარდსების მოსაზრებას და ამ ტრაგედიის სხვა მსხვერპლების აზრსაც, თუმცა პროკურორმა თემის დეტალური განხილვისგან თავი შეიკავა.
როგორც ცნობილია, ბოსტონის მარათონის ტრაგედიის სხვა მსხვერპლთა ოჯახის წევრებმა ჯოხარ ცარნაევის მიმართ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას დაუჭირეს მხარი.
2013 წელს, 15 აპრილს, ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის დროს, საზარელი ტერაქტი მოხდა. დაიღუპა სამი და დაშავდა 183 ადამიანი. ეჭვმიტანილთა შეპყრობის ოპერაციის დროს 19 აპრილს, სასიკვდილოდ დაიჭრნენ პოლიციის ოფიცერი და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 26 წლის ტამერლან ცარნაევი. მეორე ეჭვმიტანილს, ტამერლანის ძმას, 19 წლის ჯოხარს, იმავე საღამოს მძიმედ დაჭრილს მიაგნეს და საავადმყოფოში მოათავსეს.


მასალის გამოყენების პირობები






