“არის სტრუქტურები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ ჩემს რეკომენდაციებზე და რეალურად ასრულებენ, მაგრამ, არის რეკომენდაციები, რომლებიც არ სრულდება, ან ნაწილობრივ სრულდება. მაგალითად, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩვენს მიერ იქნა დაფიქსირებული და დოკუმენტირებული 18 შემთხვევა, როდესაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, გარკვეულ შემთხვევებში გამოძიება იქნა დაწყებული პროკურატურის მხრიდან, მაგრამ გამოძიება არ იყო ბოლომდე მისული, გამოვლენილი არ იყვნენ დამნაშავეები და ასეთი არა ერთი ფაქტი იყო სამწუხაროდ. შესაბამისად, ჩვენ ამ რეკომენდაციას ბოლომდე შესრულებულად ვერ მივიჩნევთ, სანამ კონკრეტული პირი არ იქნება გამოვლენილი და დამნაშავე დასჯილი. საუბარია მაქვს ისეთ ფაქტებზე, როდესაც არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, სამედიცინო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები. ამ კუთხით პროკურატურაში ხარვეზები არის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა, რომელიც ასეთ ფაქტებს გამოიძიებს. ანუ, არ უნდა იყოს ის რეალობა, რომელიც დღეს არსებობს. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებებს, როდესაც ნებისმიერ დარღვევაზე იგივე უწყება აწარმოებს მოკვლევას, იძიებს საკუთარი თანამშრომლის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. აქ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ არის გარანტირებული”.
წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალის გადამეტებულად გამოყენების ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და პროკურატურის თანმშრომლების მხრიდან დაშვებული შესაძლო დანაშაულის ეფექტური გამოძიებისთვის კი, ომბუდსმენი ახალი სტრუქტურის შექმნის ინიციატივით გამოდის:
“სამართალდამცავ სტრუქტურებთან არის სერიოზული პრობლემები, დარღვევებისა და სხვადასხვა დანაშაულის ეფექტურად გამოძიების კუთხით, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც გამოიძიებს ასეთ შესაძლო ფაქტებს. საუბარია წამების, არასათანადო მოპყრობის ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების და პროკურატურის თანმშრომლების მხრიდან”.
მის მიერ დაყენებულ ზემოთ აღნიშნულ ინიციატივაზე, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება, ამაზე გვპასუხობს, რომ არსებობს ვალდებულება, რის შესაბამისადაც მსგავსი სტრქუტურის შექმნა 2016 წლამდე უნდა მოხდეს:
”ამის შესახებ რეკომენდაცია იყო არა მარტო სახალხო დამცველის მხრიდან, არამედ ამაზე საუბრობდა ასევე თომას ჰამარბერგი, ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში. ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში ეს ფაქტობრივად დამტკიცებულია. ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული და 2016 წლამდე უნდა მოხდეს მსგავსი სტრქუტურის შექმნა. ახლა ჯერი არის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოზე, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული ამ სტრუქტურის ამუშავების მიზნით”.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






