რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში მთავარი ბრალდებულის, ზაურ დადაევის ადვოკატის, შამსუდინ ცაკაევის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალი დეტალების გახმაურება სურს.
შამსუდინ ცაკაევის თქმით, დადაევისგან კიდევ ერთი ეჭვმიტანილის, რუსლან გერემეევის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვენ.
„დაკავების შემდეგ ვიღაცის სახლში, თავზე ტომარაწამოცმული და ხელ-ფეხშეკრული მიმიყვანეს, მაწამეს ელექტროშოკით, მცემეს, რის გამოც ყურის ხრტილები დამიზიანდა“-აცხადებს დადაევი, რომელსაც ხელ-ფეხზე ხელბორკილების კვალი ამ დრომდე ეტყობა, აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, დადაევის მოსკოვში ვერტმფრენით ჩაყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც ის აღიარებითი ჩვენების მიცემას დათანხმდა. წინასწარ მომზადებული ჩვენების ტექსტი დადაევს, ჯერ კიდევ დაკითხვამდე მიუტანეს.
გამოძიებას, დადაევის კოლეგის, რუსლან გერემეევის წინააღმდეგ ჩვენება სჭირდებოდა., მომზადებულ ტექსტში უკვე ფიგურირებდა ვინმე „რუსიკი“, რომელმაც თითქოს დადაევს მკვლელობისთვის იარაღი და მანქანა მისცა. სავარაუდოდ, „რუსიკი“ გერემეევი უნდა ყოფილიყო.
„რუსიკი“ საერთოდ არ არსებობს. ეს გამოგონილი პიროვნებაა და მათ გამოიგონეს, ვინც მე მაწამებდნენ. გერემეევისთვის „რუსიკი“ არასოდეს დამიძახია. ის წოდებითა და ასაკით ჩემზე უფროსია“ - აცხადებს დადაევი და აღნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს სახელებით ან წოდებებით მიმართავდნენ.
ადვოკატის თქმით, ჩვენებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ, პოლიციას დადაევის მეგობარი, რუსლან იუსუპოვი უნდა გაეთავისუფლებიმა, რომელიც მასთან ერთად ინგუშეთში დააკავეს. თუმცა, აღიარებითი ჩვენების მიცემის მიუხედავად, იუსუპოვი კვლავ პატიმრობაში დარჩა. დადაევმა კი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება დაიწყო. 8 მარტს გამართულ სასამართლოზე, დადაევმა განაცხადა, რომ ის თავს დანმაშავედ არ გრძნოდა და წამების ნიშნების დემონსტრირებას ცდილობდა.
პატიმრობაში ყოფნისას, მან რამდენიმე საჩვრის წერილი მისწერა გენპროკურორის, ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტისა და ასევე ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვისაც. „მე ეს არ გამიკეთებია“ - წერს დადაევი კადიროვს.
ცაკაევის თქმით, ოფიციალური ვერსია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ნემცოვი „შარლი ებდოს“ მხარდაჭერისა და მუჰამედ წინასწარმეტყველისადმი გამოთქმული შეხედულებების გამო მოკლა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დადაევმა იცოდა, რომ არსებობდა ასეთი პოლიტიკოსი, მაგრამ ის არასოდეს უნახავს. არც მისი მოსაზრებები მოუსმენია „შარლი ებდოზე“. ამ ჟურნალის სახელწოდებაც კი არასოდეს გაუგია“ - განაცადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, დადაევმა თავდაპირველად გაჟღერებული ალიბი იმის შესახებ, რომ მკვლელობის დროს რესტორანში იმყოფებოდა, უარყო.
„ჩვენ გვაქვს სხვა ალიბი, თუმცა უსაფრთხოების გამო მას ჯერ არ ვამჟღავნებთ“ - განაცხადა ცაკაევმა და დასძინა, რომ დადაევის მტკიცებით, ის მოსკოვს ცუდად იცნობს. არ ყოფილა არც წითელ მოედანზე, არც ნემცოვის სახლთან და არც მკვლელობის ადგილზე.
ადვოკატის თქმით, დადაევი რუსეთის დედაქალქში შვებულებაში იმყოფებოდა და ნამდვილად ცხოვრობდა გერემეევის ბინაში. თუმცა ამავე სახლში, გერემეევის ნათესავებიც იყვნენ. გარდა ამისა დადაევი ბატალიონ „სევერიდან“ წასვლას და დაცვის სამსახურში მოწყობას გეგმავდა.
ადვოკატის განცხადებით, დადაევს უჭირს იმის თქმა, თუ რატომ აღმოჩნდა ის საქმის მთავარი ფიგურანტი.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის ზიანის მისაყენებლად გაკეთდა“ - აღნიშნა ადვოკატმა.
დაცვის მხარე დადაევის ხელახლა დაკითხვას ითხოვს.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და დანაშაულში მონაწილეობა უარყო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






