საქალაქო სასამართლოში 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მეგობარს ირაკლი მიქაბერიძეს ჰკითხავენ. პროცესზე მან მომხდარის დეტალები გაიხსენა.
როგორც მიქაბერიძე იხსენებს, ის და მისი მეგობრები ვაკეში მიდიოდნენ, რა დროსაც წერეთლის გამზირზე პატრულმა გააჩერა.
„როდესაც გაგვაჩერა პატრულმა, მიზეზი ვიკითხეთ. ერთი ჩემი მეგობრის გადმოსვლას მოჰყვა ხმაური. მანქანის მიჯახუნების ხმაზე პატრული შეცბა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ეკიპაჟი გამოიძახეს. იქ მოსული ეკიპაჟიდან გადმოვიდა პატრული იარაღით ხელში, რომელიც იგინებოდა. ეს იყო ბაშალეიშვილი. პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ჩვენ არაფერი გვქონდა. ჩვენ რეაქცია რამდენჯერმე მის გინებაზე გვქონდა. ამის შემდეგ ბორკილები დაგვადეს და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. დავინახე, რომ ბუტა ჩაიმუხლა. ჩვენმა მეგობარმა დაიყვირა ბუტა დაჭრილიაო. ამ დროს ადგილზე მივიდა კიდევ ერთი პატრულის მანქანა. დაგვაწვინეს მიწაზე, დაგვადეს იარაღები და გამოიძახეს სასწრაფო. ბუტაზე ვფიქრობდი. მესმოდა ხმები, რომ სუფთები არიანო. კიდევ გავიგე რომ ამბობდნენ, მოწმეები რატომ დატოვეო. იქვე დავინახე გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე და კიდევ მესამე პირი. დონაძე იძახდა, იარაღი დაუდეთო. მიქაძე კი უთითებდა, სად უნდა დაედოთ. ცოტა ხანში, გავიხედე და მანქანის სავარძელზე დავინახე ავტომატი, ასევე ტყვიის მასრების შეკვრა, ხელყუმბარა“, - განაცხადა მიქაბერიძემ.
მისი თქმით, ადგილზე ტაქსის მძღოლებიც იმყოფებოდნენ.
„პოლიციელები ელაპარაკებოდნენ მძღოლებს, რომ ვიყავით ყაჩაღები. მოწმედ დაგვიდექითო, რომ იარაღები ამოვიღეთო, თუმცა ერთმა ტაქსისტმა უარი თქვა“, - განაცხადა მიქაბერიძემ.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






