მწერლის ფონდის წარმომადგენლების განცხადებით გრასი ორშაბათ დილით ქალაქ ლუბეკში გარდაიცვალა.
გიუნტერ გრასი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გერმანელ მწერლად ითვლება. პოპულარობა მან სამი რომანით (თუნუქის დოლი / Die Blechtrommel (1959), კატა და თაგვი / Katz und Maus (1961), ძაღლური წლები / Hundejahre (1963) )მოიხვეჭა, რომელიც ერთობლივად „დანცინგის ტრილოგიის“ სახელითაა ცნობილი.
გიუნტერ გრასი დაიბადა 1927 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ დანციგში (ამჟამად გდანსკი). მისი მშობლები ვაჭრები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს გაწვეულ იქნა გერმანულ ჯარში და მსახურობდა საავიაციო დანაყოფში. ომის დასრულების შემდეგ 1946 წლამდე ამერიკელთა ტყეობაში გაატარა.
1947 – 1948 წწ. სწავლობდა ქვისმთლელობას დიუსელდორფში. ამის შემდგომ დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ქანდაკებასა და ფერწერას. 1953 – 1956 წლებში ფერწერის შესწავლა გააგრძელა ბერლინის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.
1956 – 1959 წლებში ცხოვრობდა პარიზში. 1960 წელს დაბრუნდა ბერლინში, სადაც იგი 1972 წლამდე ცხოვრობდა. 1972 წლიდან 1987 წლამდე იგი ჯერ ვესტფალიის, შემდგომ კი შლეზვიგ–ჰოლშტაინის ქალაქებში სახლობდა.
1954 გრასი ცოლად მოიყვანა ანა შვარცი, რომელსაც 1978 წელს დაშორდა. 1979 წელს ხელმეორედ იქორწინა უტა გრუნერტზე.
1956 – 1957 წლებში გიუნტერ გრასმა საკუთარი ქანდაკებებისა და გრაფიკული ნაშრომების გამოფენა დაიწყო, ამავე დროს დაიწყო მისი ლიტერატურით გატაცება. იმ დროს გრასი წერდა მოთხრობებს, ლექსებსა და პიესებს, რომელსაც თავად აბსურდის თეატრს მიაკუთვნებდა.
წარმოსახვითი ენით იყო დაწერილი რომანიც "თუნუქის დოლი" (გერმ. Die Blechtrommel). ამ რომანისთვის მან მიიღო პრემია "ჯგუფი 47"–ის, რომელშიც თვითონაც მოღვაწეობდა 1957 წლიდან. 1960 წელს ქალაქ ბრემენის ლიტერატურული პრემიის ჟიურის სურდა მიენიჭებინა პრემია რომანისთვის, თუმცა ბრემენის სენატი შეეწინააღმდეგა ამას. 1979 წელს რომანის ეკრანიზაცია გამოვიდა (რეჟისორი – ფოლკერ შლიონდორფი). იმავე წელს ფილმმა "თუნუქის დოლი" მიიღო კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო, და ასევე "ოსკარი" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.
გიუნტერ გრასისი მეორე რომანმა "კატა და თაგვი", რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს ქალაქ დანციგში, და მოგვითხრობს ახალგაზრდა იოაჰიმ მალკეს ისტორიას, სკანდალი გამოიწვია. ჰესენის მუშაობისა და ჯანდაცვის მინისტრმა, რომანში ონანიზმის სცენის აღწერის გამო, მოითხოვა ფედერალური ორგანოებისგან ჩაეტარებინათ რომანის კვლევა, როგორც ამორალური შინაარსის მქონე. თუმცა საზოგადოების პროტესტის შემდეგ მინისტრი იძულებული გახდა უკან დაეხია.
არჩევნებში გრასი მხარს უჭერდა გერმანიის სოციალ–დემოკრატიულ პარტიას და შემდგომში მისი წევრიც გახდა 1982 წელს. 1990 წელს იგი გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგ გამოდიოდა. იგი თვლიდა, რომა გაერთიანებული გერმანია კვლავ მილიტარისტულ ქვეყნად აღორძინდებოდა.
1985 წელს გრასმა ჯაზური მუსიკის წარმომადგენელ გიუნტერ ზომერთან ერთად გამოუშვა მრავალი უჩვეულო ჩანაწერი, სადაც იგი კითხულობს საკუთარ ნაწარმოებებს ზომერის მუსიკის თანხლებით.
გუნტერ გრასმა ნობელის პრემია 1999 წელს მიიღო
მასალის გამოყენების პირობები






